საქართველო-ევროკავშირი

ღარიბაშვილი: ჩვენ ზედმიწევნით სწორად, ეფექტიანად შევასრულეთ EU-ს 12 პრიორიტეტი

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაცია "სწორად და ეფექტიანად" შეასრულა

"მას შემდეგ, რაც განისაზღვრა 12 პრიორიტეტი, იმავე დღეს მმართველმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ ძალიან მკაფიო, ნათელი საგზაო რუკა წარუდგინა საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს. ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, მთელი გუნდი ჩართული იყო ამ პროცესში და ჩვენ ზედმიწევნით სწორად, ეფექტიანად შევასრულეთ აღნიშნული პრიორიტეტები, ეს რეკომენდაციები. პარლამენტში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფები, სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში არ იყვნენ სრულყოფილად ჩართულნი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, თუმცა ბოლოს გარკვეულმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა. მინდა ყველას გადავუხადო მადლობა, ვინაიდან, ეს იყო მართლაც შრომატევადი საქმე. ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის პირობა, რომელიც განგვესაზღვრა. დანარჩენი პროცესი მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ გარკვეული კანონპროექტები ჩვენ გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, ახლა ველოდებით მათ დასკვნებს და ამის შესაბამისად მოვახდენთ ადაპტირებას". – თქვა ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ 2022 წლის ზაფხულში უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და საქართველო მათზე "ორჯერ, სამჯერ წინაა".

"წლევანდელი წელი გამოირჩეოდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მოვლენით, ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა. დამეთანხმებით, ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, სამწუხაროდ, კარგად გვესმის ყველას, რომ არ იქნა მიღებული ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. არ მინდა, ჩვენს კოლეგა სახელმწიფოებზე რაიმე დამაკნინებელი ვთქვა, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, რომ გაცილებით, ორჯერ, სამჯერ მეტად წინ ვართ და ვიყავით რეფორმების თვალსაზრისით, შესრულების კუთხით უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, მაგრამ გასაგებია, კარგად გვესმის, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ღიად ითქვა, რომ უკრაინას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ ომში იმყოფება, ასევე მოლდოვა ომთან გათანაბრებულ მდგომარეობად შეაფასეს. ასე რომ, ჩვენ კარგად გვესმის ეს მოტივაცია, თუმცა ჩვენ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს, მოლდოვასა და უკრაინას. გვინდა, რომ ამ ქვეყნებში იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა". – თქვა ღარიბაშვილმა.

2022 წლის ზაფხულში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობა წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს 2023 წლიდან წარადგენს.

კომენტარები