რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, მოსკოვის მიზანი რუსი ხალხის გაერთიანებაა და ამ მხრივ, რუსეთი კონფლიქტების მოგვარებას ყოველთვის მოლაპარაკებების გზით ცდილობდა.
""დაყავი და იბატონე" - ისინი ყოველთვის ამას ცდილობდნენ, ახლაც ცდილობენ, მაგრამ ჩვენი მიზანი სხვაა - რუსი ხალხის გაერთიანება".- ამბობს პუტინი.
კითხვაზე, უახლოვდება თუ არა რუსეთი გარკვეულ "წითელ ხაზს", პუტინმა აღნიშნა, რომ იგი დარწმუნებულია არჩეული გზის სისწორეში.
"არ ვთვლი, რომ ეს ასეთი სახიფათოა. ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორად ვმოქმედებთ, ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ხალხის ინტერესებს, რადგან სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს. მაგრამ, მზად ვართ, ამ პროცესის ყველა მონაწილესთან ერთად ვისაუბროთ მისაღებ შედეგებზე, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია - ჩვენ ხომ არ ვამბობთ უარს მოლაპარაკებებზე, არამედ ისინი". - თქვა პუტინმა.
პუტინის თქმით, რუსეთი ყირიმში შეჭრით თავისი მოსახლეობის ინტერესებსა და ყირიმელების არჩევანის თავისუფლებას იცავდა.
"ჩვენ იძულებული გავხდით გვემოქმედა - ხალხისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ჩვენ უნდა დაგვეჭირა მხარი ყირიმელების არჩევნისთვის, ყველაფერი ამით დაიწყო!". - ამბობს პუტინი.





