მიხეილ სააკაშვილი

კინზინგერი კობახიძეს: ერთხელ პუტინიც ახსენე, ირაკლი, შენი ნამდვილი მტერი, ხომ?

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარს გამოეხმაურა, სადაც კობახიძემ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ გააკრიტიკა. 

"ერთხელ პუტინიც ახსენე, ირაკლი... იცნობ იმ ტიპს, ვინც შენს ქვეყანაში შემოიჭრა, დახოცა ხალხი და განაგრძობს ოკუპაციას? შენი ნამდვილი მტერი... ხომ?" - წერს კინზინგერი Twitter-ზე.

მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის საშობაოდ სასჯელი გადაევადებინათ და სამკურნალოდ უკრაინულ, ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში გადაეყვანათ, მის მოწოდებას სანდუც შეუერთდა. 

ამის საპასუხოდ, კობახიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილზე ზელენსკის განცხადება მნიშვნელოვანი ვერ იქნება, ხოლო სანდუმ "თავის მე-6 პრეზიდენტს უნდა მიხედოს".

"თვითონ სანდუს ჰყავს მოლდოვის, თუ არ ვცდები, მე-6 პრეზიდენტი პატიმრობაში, მაინც რომ შევახსენოთ ქალბატონ სანდუს, ეს ერთი. რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნების კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, იმიტომ, რომ მისი ხელისუფლება იყო ჩართული სააკაშვილის გამოგზავნაში. სანდუმ უნდა მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს, რომელიც არის დღემდე პატიმრობაში". - თქვა კობახიძემ.

კომენტარები