საფრანგეთი

პარიზში ეთნიკურად ქურთების კულტურულ ცენტრთან თავდასხმას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

REUTERS

პარიზში შეიარაღებულმა პირმა, ეთნიკურად ქურთების კულტურულ ცენტრთან, ცეცხლი გაუხსნა მშვიდობიან მოქალაქეებს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა

თავდასხმა საფრანგეთის დედაქალაქის მე-10 რაიონში, რომელიც როგორც წესი, მოძრაობით დატვირთულია, შუადღისას მოხდა. ქუჩაზე ბევრი პატარა მაღაზია და კაფეა განთავსებული. გასროლა ქურთული კაფეს მიმდებარე ტერიტორიასთან განხორციელდა.

როგორც ქურთების კულტურული ცენტრის ადვოკატმა Reuters-თან ინტერვიუში თქვა, დაღუპულთაგან სამივე მსხვერპლი წარმომავლობით ქურთია.

პროტესტის ნიშნად პარიზის ქუჩებში ხალხი გამოვიდა. დემონსტრანტების აგრესიის წინააღმდეგ სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პროტესტმა თანდათანობით ძალადობრივი ფორმა მიიღო. მოქალაქეები ოფიცრებს ჭურვებს ესროდნენ, ნაგვის ურნები და რესტორნის მაგიდები ამოაყირავეს და ავტომობილი დააზიანეს.

ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, დაკავებული 69 წლის მამაკაცია, რომელიც პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. ბრალდებული ეჭვმიტანილია გასულ წელს პარიზში მდებარე საემიგრაციო ბანაკზე თავდასხმისთვის და განაჩენის გამოტანას ელოდება. 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის თქმით, თავდამსხმელს აშკარად უცხოელები ჰყავდა მიზანში ამოღებული, თუმცა არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ მან კონკრეტულად ქურთებზე მიიტანა იერიში. 

ქურთი ლიდერები საფრანგეთში თავიანთი ხალხის გაძლიერებულ დაცვას მოითხოვენ. 

კომენტარები