მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ამერიკელი ფსიქიატრი: სააკაშვილს პროგრესირებადი დემენცია და პოსტტრავმული აშლილობა აქვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ-დევიდ გოლდსმიტი დაკითხეს. მისი ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ექსპრეზიდენტის დაცვის მხარის ერთერთი მტკიცებულებაა. გოლდსმიტის თქმით,  მიხეილ სააკაშვილს დემენციის სიმპტომები და "სწრაფად პროგრესირებადი დემენცია" აქვს. 

"როგორც ყველა დემენციის პაციენტს, მას აქვს შესანიშნავი მეხსიერება წარსულთან დაკავშირებით, მაგრამ ახლანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მას საშინელი მეხსიერება აღენიშნება. მას აქვს ახალი ინფორმაციის შესწავლის პრობლემა. წინაზე მას ჰქონდა მახვილი გონება, სწრაფი აზროვნების უნარი, მაგრამ ახლა მისი აზროვნების უნარი არის ძალიან შენელებული და ხანდახან დაბნეულიც არის. მისი გარეგნობა ძალიან შელახულია, აცვია მაისური, საიდანაც მუცელი უჩანს, მოუვლელია, ფრჩხილები აქვს დასაჭრელი, ეს არის დემენციის სიმპტომები. ის ასევე ავლენს სისუსტეს. სკამიდან ადგომა უჭირს. სიარულის პრობლემა აქვს, წონაც დაკარგა, აქვს დაკარგული მგრძნობელობა, ის გრძნობს მკლავებსა და ფეხებში უსიამოვნო შეგრძნებებს" - თქვა გოლდსმიტმა.

მოწმე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან მძიმე იყო მე-18 დაწესებულებაში გადაყვანა და პოსტტრავმული აშლილობა აქვს.

"ეს ის დაწესებულებაა, რომელიც მან დააარსა პრეზიდენტობისას. მას სხვა პატიმრები ემუქრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ციხის თანამშრომლები და ზედამხედველები არ იყვნენ ახლოს მზადყოფნაში მის დასახმარებლად. მას არ შეეძლო დაძინება, რადგან პატიმრები სულ უყვიროდნენ. მას ეშინოდა სიცოცხლის მოსპობის... 

...მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება მაღალი დონის სტრესი. ის ავლენს მეხსიერების დაკარგვას, დაბნეულობას, ეს არის დემენციის სიმპტომები და ეს არის სწრაფად პროგრესირებადი ტიპის დემენცია" - ამბობს ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი.

გოლდსმიტის თქმითვე, არ შეიძლება ამ დიაგნოზის მქონე პატიმარი ციხეში იყოს. მოწმე მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტი დასავლურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ.

კომენტარები