მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

კობახიძე უკრაინაზე: სააკაშვილის ხელით უნდოდათ II ფრონტი, გვესმის, პასუხისმგებლობა აქვთ მასზე

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმეორებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში "მეორე ფრონტის გასახსნელად" და "სიტუაციის ასარევად" ჩამოვიდა. მან რუსთავი ორის ეთერში თქვა, რომ "ამ სპეცოპერაციაში" უკრაინის ხელისუფლებაც იყო ჩართული. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინული მხარე მიხეილ სააკაშვილზე პასუხისმგებლობას გრძნობს და ამიტომ "არ არის გასაკვირი" ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის უკრაინაში, ევროპაში ან აშშ-ში სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს.

"ჩართული იყვნენ. რა თქმა უნდა, არ ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ ისინიც იყვნენ ჩართულები, გარკვეული ინფორმაცია ხან ასე მოდიოდა, ხან ისე... ლორთქიფანიძე უმაღლეს დონეზე იყო აქ ჩართული. ეს აღიარებითი ჩვენება საზოგადოებას ჯანაშიამ მისცა, ნაციონალური  მოძრაობის დეპუტატმა, მან პირდაპირ თქვა, რომ ლორთქიფანიძემ ჩამოიყვანა სააკაშვილი.

პირდაპირ იყო ჩართული უკრაინის ხელისუფლება, შესაბამისად, ისინი, რა თქმა უნდა, გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ. მათ ხელი შეუწყვეს, წაახალისეს და უზრუნველყვეს საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა. ახლა ერთგვარი პასუხისმგებლობა აქვთ ამ ადამიანის მიმართ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არც ზელენსკის განცხადება არ არის გასაკვირი" - ამბობს კობახიძე.

კითხვაზე, რას პასუხობს მმართველი გუნდი უკრაინას მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის საკითხზე და არის თუ არა ეს გამორიცხული, ქართული ოცნების თავმჯდომარე პასუხობს, რომ "გვესმის მათი პასუხისმგებლობა,  გვესმის, რომ პასუხისმგებლები არიან იმ კაცზე, რომელიც ჩამოიყვანეს საქართველოში, ადამიანზე, რომლის ხელითაც უნდოდათ სიტუაციის არევა, მეორე ფრონტის გახსნა, ეს ყველაფერი გვესმის, მაგრამ ეს ვერ იქნება მისაღები ჩვენთვის".


20 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გადაიყვანონ ის უკრაინის, ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ან აშშ-ს კლინიკაში. ასევე, უკრაინის ვიცეპრემიერმა, მიხაილო ფიოდორივმა დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხოლოდ უცხოურ კლინიკაში მკურნალობა გადაარჩენს. გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ოლეგ ნიკოლენკო ითხოვს, მიხეილ სააკაშვილთან დაუშვან უკრაინის უმაღლესი რადის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სააკაშვილი უზრუნველყონ საჭირო სამედიცინო მომსახურებით, გადაუვადონ სასჯელი და გადაიყვანონ უკრაინის, ევროპის ან ამერიკის საავადმყოფოში.

კომენტარები