რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნავალნის თქმით, კოლონიას, სადაც თავადაა, პრიგოჟინი პატიმრების გადაბირებისთვის ესტუმრა

დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ კოლონიაში, სადაც თავად იმყოფება, პატიმრების გადასაბირებლად მისული იყო რუსი ოლიგარქი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი. 

ნავალნის თქმით, მას ამის შესახებ აცნობა მოწმემ, რომელსაც ის არ ასახელებს.

ნავალნის თქმით, პრიგოჟინმა პატიმრებს შესთავაზა, რომ თუ ბრძოლას 6 თვე გაუძლებენ, ბრალდებები მოეხსნებათ. მისივე ინფორმაციით, ვაგნერის დამფუძნებლის შეთავაზებას 80-90 პატიმარი დათანხმდა. მათ გადაფიქრებისთვის 5 წუთი მიეცათ. ნავალნის არ უთქვამს თუ როდის შედგა ეს ვიზიტი.

ევგენი პრიგოჟინმა, საკუთარი კომპანია კონკორდის პრესცენტრის მეშვეობით, ნავალნის სიტყვებთან დაკავშირებით, მედიის დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა, თუმცა ვიზიტი პირდაპირ არ დაუდასტურებია.

"ამაში (ციხის პატიმრების გადაბირებისთვის მონახულებაში) სასაყვედუროს ვერაფერს ვხედავ, ორი მიზეზის გამო. პირველი - ხალხს განწმენდა და სიცოცხლის მეორე შანსის მიღება შეუძლიათ, საშინელი ომის გავლით. მეორე, დაიმახსოვრეთ, დაფიქრდით და სასურველი იქნება თუ ჩაიწერთ: არავის შეუძლია ადამიანს წაართვას საკუთარი სამშობლოს, საკუთარი დედისა და საკუთარი ოჯახის ყველა შესაძლო საშუალებით დაცვის უფლება". – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინმა გააკრიტიკა რუსეთის მთავრობა, რომ მათ მოქალაქეების ნაწილს ქვეყნიდან გაქცევის საშუალება მისცეს. მისი თქმით, მსგავსი ხალხი სპეციალურ, დასჯილთა ბატალიონში უნდა შეეკრიბათ და მისთვის გადაეცათ.

"მე აბსოლუტურად არ ვეთანხმების სახელმწიფოს პოლიტიკას, რომ ყველა "ნავალნისმაგვარს" საზღვრიდან გაქცევის შესაძლებლობა მისცეს. ისინი უნდა შეეკრიბათ, უნდა შეექმნათ ერთი დასჯილთა ბატალიონი და ჩემთვის გადმოეცათ. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ყველა გმირად დაიღუპებოდა". – თქვა პრიგოჟინმა. 

სექტემბერში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ერთ-ერთ ციხეში პატიმართა გადმობირებას ცდილობდა და მათ ვაგნერის ჯგუფში გაწევრიანებას სთავაზობდა.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, ვაგნერის ჯგუფში რეკრუტირებულ პატიმრებს განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან, დავალებაზე გაგზავნის დროს დრონებით აკონტროლებენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სიკვდილით სჯიან.

ვაგნერის ჯგუფს ბრალად ედება ომის დანაშაულების ჩადენა უკრაინაში, სირიასა და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში.

კომენტარები