გენერატორები უკრაინისთვის

პრემიერის დავალებით შეძენილი 25 გენერატორი უკრაინაში გავგზავნეთ – ეკონომიკის სამინისტრო

"საქართველოს მთავრობა აგრძელებს უკრაინელი ხალხის აქტიურ მხარდაჭერას. დღეს საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომელიც პრემიერმინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, შეიძინა სახელმწიფო ელექტროსისტემამ" - წერია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ სამრეწველო დანიშნულების 25 გენერატორის საერთო ღირებულება 1.5 მლნ ლარია. უწყება განმარტავს, რომ ამ ტიპის გენერატორების საშუალებით შესაძლებელია, საგანგებო რეჟიმში იმუშაოს საავადმყოფოებმა, კვების ობიექტებმა და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტებმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, გენერატორების დატვირთვის პროცესს უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვი დაესწრო. უწყების განცხადებაში წერია, რომ კასიანოვმა საქართველოს მთავრობას და პრემიერმინისტრს მადლობა გადაუხადა.

"ვისარგებლებ შემთხვევით და მსურს გამოვხატო ჩემი პირადი მადლიერება საქართველოს პრემიერმინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების გამო უკრაინისთვის მაღალი სიმძლავრის გენერატორების შეძენისა და გადაცემის შესახებ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ყველა წევრს ამ გადაწყვეტილების სწრაფად განხორციელებისთვის, რადგან 25-ვე ელექტროგენერატორი უკრაინაში დღესვე გაიგზავნება. მადლობა ყველა ქართველს უკრაინის ძალიან ძლიერი და არსებითი მხარდაჭერისთვის ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის ამ ძალიან კრიტიკულ პერიოდში,” - ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, თქვა უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა.


6 დეკემბერს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობას გენერატორები 1 თვის წინ სთხოვეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

9 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მთავრობა გენერატორებს შეისყიდიდა და უკრაინაში გაგზავნიდა. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რევაზ ჯაველიძემ თქვა, რომ "საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს".

კომენტარები