რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსეთთან და ბელარუსთან მთელ საზღვარზე თავდაცვით ხაზებს ვაშენებთ

უკრაინელი ჯარისკაცები 2022 წლის 18 ივნისს აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში რუსეთის პოზიციებზე თადასასხმელად ამზადებენ აშშ-ს მიერ მიწოდებულ M777 ჰაუბიცს
AP Photo/Efrem Lukatsky

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ევგენი ენინის თქმით, უკრაინა რუსული ჯარების შესაძლო შეტევის ფონზე, ბელარუსთან საზღვარს აძლიერებს. ამის შესახებ ენინმა BBC-თან ინტერვიუში ისაუბრა

"რუსეთთან და ბელარუსთან მთელ საზღვარზე თავდაცვით ხაზებს ვაშენებთ". - თქვა ენინმა. 

ენინმა BBC-ს ინტერვიუ კიევზე რუსული დრონების მორიგი მასიური თავდასხმის შემდეგ მისცა, რომლის შედეგადაც კრიტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა და უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

"ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, ჩვენ შევძელით, ჩამოგვეგდო რუსული დრონების დაახლოებით 90%. 

ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა სიტუაციას კიდევ უფრო პრობლემურს ხდის". - ამბობს ენინი.

ენინის ინტერვიუს პარალელურად, მინსკში რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ შეხვედრა გამართეს, სადაც პუტინმა აღნიშნა, რომ ბელარუსი მოსკოვის უახლოესი მოკავშირეა. 

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბელარუსი არა მხოლოდ ჩვენი კარგი მეზობელია, რომელთანაც ათწლეულებია ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით ვმუშაობთ, არამედ ის, რა თქმა უნდა, ჩვენი მოკავშირეა - ამ სიტყვის სრული გაგებით". - თქვა პუტინმა.

ვლადიმირ პუტინის მინსკში ვიზიტს დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის გერმანია გამოეხმაურა. გერმანიის კანცლერის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფენ გებშტრაიტის თქმით, მთავრობა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მინსკში ვიზიტით შეშფოთებულია. 

მაღალჩინოსნის ცნობით, შიში გამოწვეულია ბელარუსის გაურკვეველი როლით რუსეთ-უკრაინის ომში და იმით, რომ პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრის შემდეგ შესაძლოა ბელარუსის ომში ჩართულობა გაიზარდოს. 

გებეშტრაიტმა ახსენა ისიც, რომ ბელარუსი ამ დრომდე რუსეთს ომში ეხმარება - რუს სამხედროებს თავის ტერიტორიაზე ჯარების განლაგების საშუალებას აძლევს და საბრძოლო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხსნის. 

კომენტარები