ტიტანიკი

ორივე ვერ გადარჩებოდა – კამერონმა ჯეკის სიკვდილის აუცილებლობა ექსპერიმენტით დაამტკიცა

Indian Express

ტიტანიკის გამოსვლის დღიდან ბლოკბასტერების მოყვარულებს აწუხებთ კითხვა, თუ რატომ დაიღუპა მთავარი გმირი ფილმის ფინალში, როდესაც ერთი შეხედვით კარადის კარზე ორივე პერსონაჟი ეტეოდა. 25 წლის შემდეგ ფანების კითხვას რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა უპასუხა, ავტორმა ლეონარდო დიკაპრიოს გმირის, ჯეკის სიკვდილის გარდაუვალობა ექსპერიმენტით დაასაბუთა.

"ჩვენ ჰიპოთერმიის სპეციალისტებთან ერთად ექსპერიმენტი ჩავატარეთ. აღვადგინეთ სცენა ფილმიდან, იგივე ზომის ტივზე ვეცადეთ მოგვეთავსებინა ორი ადამიანი, იგივე აღნაგობის დუბლიორები მოვიწვიეთ და ტემპერატურის სენსორები დავუმაგრეთ. ყველანაირად ვეცადეთ ორივე გადაგვერჩინა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ექსპერიმენტის დასკვნა ასეთია: უნდა გადარჩენილიყო მხოლოდ ერთი". – ამბობს რეჟისორი.

ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეო დაემატება ტიტანიკის ახალ, საიუბილეო(2022 წელს ფილმს 25 წელი შეუსრულდა ) Blue-Ray დისკს.

კამერონმა ასევე აღნიშნა, რომ მხატვრული გადმოსახედიდანაც ჯეკი უნდა დაღუპულიყო:

"როგორც რომეოსა და ჯულიეტაში. ეს არის ფილმი სიყვარულზე, თავგანწირვაზე და სიკვდილზე. სიყვარული მსხვერპლით იზომება".

2019 წელს კამერონმა ჯეკის გადარჩენის შესახებ დისკუსიას "სისულელე" უწოდა. კამერონის ახალი ფილმი, ავატარი 2 კინოგაქირავებაში გამოვიდა, ბლოკბასტერი ამერიკული კინოგაქირავების ლიდერია.

კომენტარები