რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

სერგეი შოიგუმ ოკუპირებულ უკრაინაში საოკუპაციო ძალები მოინახულა

სერგეი შოიგუ ვერტმფრენში, ოკუპირებულ უკრაინაში საოკუპაციო ძალების მონახულების დროს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ოკუპირებულ უკრაინაში საოკუპაციო ძალების განლაგების ადგილები მოინახულა.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, სერგეი შოიგუ ოკუპირებულ უკრაინაში, ფრონტის ხაზზე ვერტმფრენით ჩაფრინდა. მათივე ინფორმაციით, მან მეთაურების ანგარიშები მოისმინა. თავდაცვის უწყების ცნობით, შოიგუმ ყურადღება გაამახვილა ჯარების ყოველმხრივი უზრუნველყოფის ორგანიზებაზე და გაეცნო ადგილზე მყოფი პირადი შემადგენლობის საყოფაცხოვრებო, სამედიცინო და ლოგისტიკურ პირობებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შოიგუს ვიზიტის ზუსტ ადგილს არ აკონკრეტებს. 

აქამდე, გასულ დღეს, როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია იტყობინებოდა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ომში მონაწილე რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულს შტაბს ეწვია და იქ მთელი დღე გაატარა. გავრცელებულ კადრებში პუტინთან ერთად სერგეი შოიგუ და რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვიც ჩანდნენ.

კრემლს არ დაუსახელებია შტაბბინის ადგილსამყოფელი. ომის დაწყების შემდეგ, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ჩასულა. 

კომენტარები