2008 წლის აგვისტოს ომი

მელია: ჰააგის ვერდიქტი დადასტურებაა, რომ სააკაშვილი პუტინის ტყვეა

დღეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაასრულა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება. უარყოფილია ყველა ბრალდება ქართველი სამხედროების მიმართ, უარყოფილია ყველა ბრალდება საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. საქართველო გამართლდა. თავისუფალმა სამყარომ საქართველო სრულად გაამართლა იმ ომში, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული ოცნების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს აბრალებდნენ, გუშინაც კი, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, 2008 წლის ომს ახსენებდა, როგორც მის დანაშაულს.

მთელი ამ წლების განმავლობაში ქართული ოცნება ბრალს გვდებდა, რომ საქართველომ კაპიტულაცია არ გამოაცხადა, რომ არ დაემორჩილა ოკუპანტებს და დაიცვა თავისუფლება, სუვერენიტეტი და სახელმწიფო. ეს იყო რუსული ნარატივი, რომელსაც თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად იმეორებდა რუსეთის სატელიტი ქართული ოცნება. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, რომ ბრალი მიხეილ სააკაშვილის და ქართველ გმირ სამხედროებს დასდებოდა. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ბრალი იქნა წარდგენილი რუსული არმიის გენერალ ბორისოვისა და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ. არცერთი ქართველის მიერ ჩადენილი არანაერი დანაშაული არ დასტურდა!. ის, რაც ქართული ოცნებისათვის დანაშაულია -  პატრიოტიზმი და ღირსება, ცივილიზებული კაცობრიობისათვის რჩება წარუვალ ღირებულებად. ამ ღირებულებებთან შინაგანი შეუთავსებლობა განაპირობებს ოლიგარქიული რეჟიმის ბრძოლას საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც გმირულად იბრძვიან უკრაინაში პუტინის იმპერიის წინააღმდეგ.

ბოროტების იმპერიასთან მებრძოლი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს აფრთხილებდა მსოფლიოს, თუ რა მოხდებოდა, იმ შემთხვევაში თუ რუსეთს არ შეაჩერებდნენ, რუს ოლიგარქ ივანიშვილს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პირობებში დატყვევებული ყავს. დღეს ცივილიზებული მსოფლიო თანხმდება, რომ უნდა გაეთვალისწინებინათ მიხეილ სააკაშვილის გაფრთხილება და დროულად მიეღოთ ზომები რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მთელი ევროპისა და ცივილიზებული სამყაროსათვის საფრთხედ გადაიქცა.

ჰააგის სასამართლოს დღევანდელი ვერდიქტი არის ასევე უმნიშველოვანესი დადასტურება, რომ ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე, რაც ასევე ხაზგასმით ჩაიწერა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა პატრიოტს, ყველა ქართველ სამხედროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იცავდა საქართველოს ინტერესებს ჰააგის სასამართლოში. ამასთან, კვლავაც ვადასტურებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის ისტორიული უსამართლობა ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის წინაშე. პრეზიდენტის თავისუფლება კვლავ რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად, რადგან პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსებობასთან. ბრძოლა გრძელდება, ძალა ერთობაშია.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია. ჰააგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომისას ჩადენილი ადამიანურობისა და ომის დანაშაულების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, გამოძიების შედეგად სამი ეჭვმიტანილის მიმართ დაპატიმრების ორდენი გაიცა.

კომენტარები