რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ომის დანაშაულს გარდაუვალი სასჯელი მოჰყვება" – ზელენსკიმ ევროპარლამენტს მიმართა

President.gov.ua

14 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტს თავისი ხალხის და იმ ადამიანების სახელით მიმართა, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლას დღემდე აგრძელებს.

მისი თქმით, ყოველგვარი მცდელობა ევროპისგან უკრაინისა და თავისუფლების ჩამოშორებისა, დანაშაულია. ზელენსკი ამბობს, რომ ტირანების მხრიდან წარსულშიც არაერთხელ ჰქონია ადგილი მსგავსი ტიპის ქმედებებს და დღესაც ამას ვხედავთ, თუმცა მისივე თქმით, ამჯერად უკრაინა ისე გაიმარჯვებს, რომ სამომავლოდ აღარასდროს გაივლოს ვინმემ ევროპისთვის უკრაინისა და თავისუფლების წართმევა.

“ჩვენ გავიმარჯვებთ ისე, რომ უკრაინასა თუ მის ფარგლებს მიღმა, ევროპაში აღარასდროს სცადონ ჩვენი ხალხის გენოციდი”. - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

მისივე თქმით, ეფექტიანი უსაფრთხოების გარანტიების შექმნა გლობალური თავისუფლებისთვის, საერთაშორისო სამართლისთვისა და წესრიგისთვის, მორალურ ვალდებულებას წარმოადგენს. 

გამოსვლისას ზელენსკიმ ევროპარლამენტის წევრებს წუთიერი დუმილი სთხოვა, რათა პატივი მიეგოთ რუსეთის ტერორისტულ ომში დაღუპულებისთვის. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სასამართლოს, ლიდერებსა და ქვეყნებს, პოლიტიკოსებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უკრაინასთან თანამშრომლობს დაღუპულთა საქმეების გამოძიებაში. 

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნის მნიშვნელობასა და მისი სისრულეში მოყვანის აუცილებლობას. ის ამბობს, რომ ეს არის ომის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზა.

“ევროპარლამენტი მხარს უჭერს ამ წამოწყებას და მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქცეს იგი რეალობად. პასუხი უნდა მოეთხოვოს არა მარტო მათ, ვინც უშუალოდ მონაწილეობა მიიღო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დანგრევაში, არამედ მათაც, ვინც თავდაპირველად საფუძველი მისცა და დააორგანიზა ეს აგრესია. ეს აუცილებელია, რათა ყველამ იცოდეს, რომ ომის დანაშაულს გარდაუვალი სასჯელი მოჰყვება”. - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ისტორიულ პასუხისმგებლობაზეც და აღნიშნა, რომ ჰოლოდომორის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია, მისი გენოციდად აღიარებით, ევროპამ ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს მსოფლიოს. 

დასასრულს, ზელენსკიმ ევროპარლამენტის თითოეულ წევრს პერსონალური მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები