სახალხო დამცველი

დავითულიანი: აბაშიძის და ჯანეზაშვილის გარდა, ნებისმიერ კანდიდატს განვიხილავთ ომბუდსმენად

ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე დასანიშნად ყველა კანდიდატს განიხილავს, გარდა ანა აბაშიძისა და ნაზი ჯანეზაშვილისა.

"არავითარი წინაპირობა არ გვაქვს შეთანხმებისთვის, გარდა ერთისა, ვინ ამ შერჩევის პროცესში პარლამენტს არ გაუწია ელემენტარული ანგარიში და პატივისცემა არ გამოავლინა, არ მოვიდა და არ გააცნო თავისი ხედვები, ვინც პირდაპირ შეურაცხყოფას არ აყენებს ჩვენს ამომრჩევლებს, ნებისმიერ კანდიდატზე დავილაპარაკებთ. სულ ერთია, ვიზე". – თქვა დავითულიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ანა აბაშიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს, დავითულიანმა, IPN-ს ცნობით, უპასუხა: "ორივეს – ერთი არ მოვიდა, მეორემ პირდაპირ განაცხადა შეურაცხმყოფელი რაღაცები, Facebook-ზე ჰქონდა განცხადება, პირდაპირ ილანძღებოდა".

ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში 25 ოქტომბერს დაიწყო. მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. 

პარლამენტის მიერ ახალი სახალხო დამცველის 6 წლით ასარჩევად 90 დეპუტატის ხმაა საჭირო. 2022 წლის ზაფხულში ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის არმინიჭების შემდეგ ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების 12 პირობას შორის ომბუდსმენის არჩევის პროცესის გამჭვირვალედ და ინკლუზიურად წარმართვაც შეიტანა.

კომენტარები