რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

2023 წელს რუსეთის ბიუჯეტის 30% ეროვნული თავდაცვის ხარჯებს მოხმარდება – ბრიტანეთი

Sputnik/Mikhail Metzel/Pool via REUTERS

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 5 დეკემბერს ხელი მოაწერა ფედერალური ბიუჯეტის კანონს, რომლის მიხედვითაც მოსკოვი თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის 2023 წელს 9 ტრილიონ რუბლს გამოყოფს.

ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურად განახლებად ანგარიშში წერია, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად ზრდის თავდაცვის ხარჯებს და აღნიშნული თანხა მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ პუტინის მიერ დამტკიცებული 2023 წლის ბიუჯეტი საკმაოდ ოპტიმისტურია, თუ გავითვალისწინებთ შემოსავლისა და ხარჯების იმ სხვაობას, რასაც ქვეყანა მოელის. ანალიტიკოსების აზრით, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიღმა სხვა სექტორებზე ფინანსური ზეწოლა გაიზრდება. 

აქამდე, 24 სექტემბერს სააგენტო Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის თავდაცვის ხარჯები მომავალი წლის საბიუჯეტო გეგმის საწყის დაშვებას 43%-ზე მეტით გადააჭარბებს, ხოლო ეროვნული უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების ბიუჯეტი 40%-ზე მეტით გაიზრდება.

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) შეფასებით, რუსეთის ბიუჯეტში ეროვნული თავდაცვა მთლიანი სამხედრო დანახარჯების 3/4-ს შეადგენს, რომელიც ოპერაციულ ხარჯებსა და იარაღის შესყიდვასაც მოიცავს. 

ამის საპირისპიროდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ განათლებასა და კულტურაზე გამოყოფილი თანხა 2023 წლისთვის თითქმის უცვლელია, სხვა ხარჯები კი თითქმის 1/4-ით შემცირებული. საინტერესოა ისიც, რომ თავდაპირველი საბიუჯეტო გეგმა 2023 წლისთვის თავდაცვის ხარჯების ბიუჯეტის 2.4%-მდე შემცირებას ითვალისწინებდა.

2023 წლისთვის ბიუჯეტის გეგმა ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების ფარგლებში, გამოძახების ღირებულებას, თითქმის 16 მილიარდ რუბლს ითვალისწინებს, ხოლო 2024-2025 წლებში შედარებით მეტს - 16.5 მილიარდს. Bloomberg-ის ცნობით, სამხედრო დანახარჯების სხვა დეტალები საიდუმლოდ რჩება და მხოლოდ საერთო ციფრები ქვეყნდება. 

უკანასკნელი პროგნოზების მიხედვით, რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი 2023 წლისთვის მთლიანი მ.შ.პ-ს 2%-მდე გაიზრდება. გეგმის მიხედვით, მთავრობა დეფიციტს ძირითადად ვალითა და რეზერვებით შეავსებს. ასევე, გეგმა ყოველწლიურად $1 მილიარდამდე უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხს ითვალისწინებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთმა 2022 წლის ივნისში საერთაშორისო სანქციებისა და უცხოურ ვალუტაში არსებული რეზერვების გაყინვის გამო სახელმწიფო ობლიგაციების დაფარვა ვერ შეძლო, რის გამოც ის ოფიციალურად დადეფოლტდა. 

Bloomberg-ის ეკონომისტების პროგნოზით, მობილიზაციის გამოცხადება რუსეთის ეკონომიკაში რეცესიულ პროცესებს კიდევ უფრო დააჩქარებს, ვინაიდან ეს რესურსებისა და ცოცხალი ძალის სამხედრო სფეროში ცენტრალიზებას გამოიწვევს. საბოლოოდ კი, ქვეყანაში უმუშევრობის უპრეცენდენტოდ დაბალი დონე იქნება. 

მობილიზაციის გამოცხადება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ფინანსებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროპა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვას ყოველდღურად ამცირებს. საბიუჯეტო გეგმის მიხედვით, 2023-2025 წლებში მილსადენის წლიური გაზის ექსპორტი თითქმის 40%-ით შემცირდება, ხოლო ნედლი ნავთობის გადაზიდვები ოდნავ გაიზრდება. 

კომენტარები