რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

BLOOMBERG: პუტინი უკრაინაში ომის გაჭიანურებისთვის ემზადება, ის თავდაცვის ხარჯებს 43%-ით ზრდის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ესწრებიან საზღვაო ძალების აღლუმს სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი, 2022 წლის 31 ივლისი
Sputnik/Alexei Danichev/Pool via REUTERS

რუსეთი თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებს ზრდის, რადგან ქვეყანა უკრაინაში გაჭიანურებული ომისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს

Bloomberg-ი რუსეთის 3-წლიან ფისკალური გეგმაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაცვის ხარჯები მომავალი წლის საბიუჯეტო გეგმის საწყის დაშვებას 43%-ზე მეტით გადააჭარბებს, ხოლო ეროვნული უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების ბიუჯეტი 40%-ზე მეტით გაიზრდება.

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) შეფასებით, რუსეთის ბიუჯეტში ეროვნული თავდაცვა მთლიანი სამხედრო დანახარჯების 3/4-ს შეადგენს, რომელიც ოპერაციულ ხარჯებსა და იარაღის შესყიდვასაც მოიცავს. 

ამის საპირისპიროდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ განათლებასა და კულტურაზე გამოყოფილი თანხა 2023 წლისთვის თითქმის უცვლელია, სხვა ხარჯები კი თითქმის 1/4-ით შემცირებული. საინტერესოა ისიც, რომ თავდაპირველი საბიუჯეტო გეგმა 2023 წლისთვის თავდაცვის ხარჯების ბიუჯეტის 2.4%-მდე შემცირებას ითვალისწინებდა.

2023 წლისთვის ბიუჯეტის გეგმა ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების ფარგლებში, გამოძახების ღირებულებას, თითქმის 16 მილიარდ რუბლს ითვალისწინებს, ხოლო 2024-2025 წლებში შედარებით მეტს - 16.5 მილიარდს. Bloomberg-ის ცნობით, სამხედრო დანახარჯების სხვა დეტალები საიდუმლოდ რჩება და მხოლოდ საერთო ციფრები ქვეყნდება. 

SIPRI-ის მიხედვით, რომელიც იარაღის გლობალურ მრეწველობას აკონტროლებს, რუსეთი 2021 წელს მსოხლიოს ხუთ უმსხვილეს თავდაცვის მხარდამჭერ ქვეყანას შორის მოხვდა. კვლევითი ინსტიტუტის შეფასებით, 2021 წელს კრემლმა სამხედრო ხარჯები 2.9%-ით გაზარდა და $65.9 მილიარდს მიაღწია. 

უკანასკნელი პროგნოზების მიხედვით, რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი 2023 წლისთვის მთლიანი მ.შ.პ-ს 2%-მდე გაიზრდება. გეგმის მიხედვით, მთავრობა დეფიციტს ძირითადად ვალითა და რეზერვებით შეავსებს. ასევე, გეგმა ყოველწლიურად $1 მილიარდამდე უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხს ითვალისწინებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთმა 2022 წლის ივნისში საერთაშორისო სანქციებისა და უცხოურ ვალუტაში არსებული რეზერვების გაყინვის გამო სახელმწიფო ობლიგაციების დაფარვა ვერ შეძლო, რის გამოც ის ოფიციალურად დადეფოლტდა. 

Bloomberg-ის ეკონომისტების პროგნოზით, მობილიზაციის გამოცხადება რუსეთის ეკონომიკაში რეცესიულ პროცესებს კიდევ უფრო დააჩქარებს, ვინაიდან ეს რესურსებისა და ცოცხალი ძალის სამხედრო სფეროში ცენტრალიზებას გამოიწვევს. საბოლოოდ კი, ქვეყანაში უმუშევრობის უპრეცენდენტოდ დაბალი დონე იქნება. 

მობილიზაციის გამოცხადება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ფინანსებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროპა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვას ყოველდღურად ამცირებს. საბიუჯეტო გეგმის მიხედვით, 2023-2025 წლებში მილსადენის წლიური გაზის ექსპორტი თითქმის 40%-ით შემცირდება, ხოლო ნედლი ნავთობის გადაზიდვები ოდნავ გაიზრდება. 

კომენტარები