რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება ყველას ინტერესშია, მათ შორის რუსეთის

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის მხარდასაჭერ გეგმას სასწრაფოდ უნდა გადახედონ, რათა ომი მომავალ წელს დასრულდეს

ჯონსონის აზრით, ომის მალე დასრულება ყველას ინტერესშია, მათ შორის რუსეთის. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის წინაშე მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულების აღება მტკივნეული იქნება ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით საბიუჯეტო შეზღუდვების პერიოდში, "დრო ფულია და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტის გადახდა მოუწევთ მათ". 

"არ არსებობს იმის შანსი, რომ მხარეებმა ტერიტორიულ შეთანხმებას მიაღწიონ. თუნდაც პუტინმა რომ შესთავაზოს ეს და მას ენდოთ. ეს ასე არ მოხდება. ვინაიდან ომი მხოლოდ ერთი გზით შეიძლება დასრულდეს, საკითხავია ის, თუ რამდენად სწრაფად მივდივართ ამ გარდაუვალ დასკვნამდე. 

ეს ყველას ინტერესშია, მათ შორის რუსეთის, რომ პუტინის წარუმატებლობის ფარდა რაც შეიძლება მალე დაეშვას. არა 2025 წელს, არა 2024 წელს, არამედ 2023 წელს". - თქვა ჯონსონმა. 

ჯონსონმა აღნიშნა ისიც, რომ მომავალი ზამთარი შესაძლოა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს, ვინაიდან გაზის მიწოდება მცირდება იმ ქვეყნებში, რომლებიც აქამდე რუსულ ენერგორესურსზე იყვნენ დამოკიდებული.  

"რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს თავის უაზრო თავდასხმებს პუტინი, მით უფრო დაზიანდება გლობალური ეკონომიკა. ჩვენ მართლა ვაპირებთ ველოდოთ და დავუშვათ ეს ყველაფერი მანამ, სანამ ბატონი პუტინი თავის ბერკეტებს არ დაიბრუნებს? 

დროა, სასწრაფოდ გადაიხედოს, თუ რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს, რათა უკრაინელებს სამხედრო მიზნების მიღწევაში დაეხმაროს - ეს არის ერთადერთი დამაჯერებელი რამ, საიდანაც მომავალზე საუბრის დაწყებაა შესაძლებელი". - ამბობს ჯონსონი. 

ჯონსონი ომში უკრაინის ძლიერ მხარდამჭერად რჩება მას შემდეგაც, რაც მან სექტემბერში პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა. ხოლო დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი, რომელიც კიევს გასულ თვეს ეწვია, პირობა დადო, რომ ქვეყანა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

კომენტარები