რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: დიახ, ჩვენ ვბომბავთ უკრაინის ინფრასტრუქტურას, მაგრამ პირველად ეს მათ დაიწყეს

ТАСС

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს, თუმცა, ეს არის საპასუხო ქმედებები უკრაინის მიერ განცხორციელებულ დარტყმებზე. ამის შესახებ პუტინმა კრემლში სამხედროების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ისაუბრა.

"ახლა ბევრი ხმაურია ჩვენი დარტყმების შესახებ მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. დიახ, ჩვენ ამას ვაკეთებთ. მაგრამ ვინ დაიწყო ეს? ვინ დაარტყა ყირიმის ხიდს, ვინ ააფეთქა კურსკის ატომური ელექტროსადგურიდან ელექტროგადამცემი ხაზები, ვინ არ აწვდის წყალს დონეცკს? მილიონიანი ქალაქისთვის წყლის არმიწოდება – ეს გენოციდის აქტია. ამაზე არავის არსად სიტყვა არ უთქვამს. სრული დუმილია. ჩვენ უბრალოდ უნდა განვაგრძოთ მოქმედება და გავაკეთოთ რაიმე საპასუხოდ. ხმაური, რომელმაც მსოფლიო მოიცვა ვერ შეგვიშლის ხელს, ჩვენი საბრძოლო მისიების შესრულებაში". - თქვა პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ მათი სამიზნე მხოლოდ სამხედრო ობიექტები იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამის საპირისპირო არაერთი მტკიცებულება არსებობს.

რუსეთმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და თბოელექტროსადგურებზე, მასობრივი დარტყმები 10 ოქტომბერს დაიწყო. კერძოდ, ქერჩის ხიდის აფეთქების მეორე დღეს, რომელიც ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთს აკავშირებდა.

რუსეთის ხელისუფლებამ აფეთქება უკრაინას დააბრალა. ექსპერტთა აზრით კი, ტექნიკურად შეუძლებელია ასეთი მსხვილ მასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმების დღენახევარში მომზადება და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმები წინასწარ იყო მომზადებული.

კომენტარები