რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

მდინარაძე: პრემიერს შეურაცხმყოფელი კითხვა დაუსვეს, ვის მხარესაა ომში – არავის უნდა აკადრონ

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეურაცხმყოფელი კითხვა დაუსვეს - ვის მხარეს არის რუსეთ-უკრაინის ომში.  

"შეურაცხმყოფელი კითხვით მიმართეს, ვის მხარეს დგას. საქართველოში თავმოყვარე არც ჟურნალისტმა არც რესპონდენტს, არავინ არავის არ უნდა აკადროს ეს კითხვა. ვის მხარეს ვართ კი არა, არ უნდა აკადრონ.

საქართველოს რაც შეუძლია, შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე გადის და ეს მაქსიმუმის ზღვარი, მაგალითად, ინდიკატორი ამისა, არის ჰააგაში სამხედრო ტრიბუნალთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია, ჩვენი პოზიცია. არავის დაუძალებია, არავის მოუწოდებია. არც სპეკულაცია ყოფილა და არც არასპეკულაცია ამასთან დაკავშირებით, 400-ზე მეტ განცხადებას, რეზოლუციას შევუერთდით, თანასპონსორები ვიყავით და თანაავტორები უმრავლესი მათგანის, ჰააგაში მოვითხოვეთ რუსეთის გასამართლება სამხედრო დანაშაულისთვის, ეს არის პოლიტიკური უმაღლესი ლეველის მხარდაჭერა" - ამბობს მდინარაძე TV იმედის ეთერში.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ ვის მხარეს არის რუსეთ-უკრაინის ომში, უპასუხა, რომ საქართველოს მხარეს.

"მე ვარ საქართველოს მხარეზე, მე ვარ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი... უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე... დაანებეთ თავი სხვა ქვეყნის... მე ვარ სამართლიანობის მხარეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს" - თქვა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები