ხალხის ძალა

აგენტურის პატრონები კანდიდატის თემის აქტუალიზებას ისევ შეეცდებიან – ივანიშვილის დეპუტატები

"მოსალოდნელია, რომ აგენტურის პატრონები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემის აქტუალიზებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან" - ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ "საქართველოს დემოკრატიული წინსვლა მათემატიკური სიზუსტით მტკიცდება", თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს "დაუძინებელი მეგობრები დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ".

"ამაში მხოლოდ ერთი ლოგიკა შეიძლება დავინახოთ: სინამდვილეში, ისინი დემოკრატიაში სრულიად სხვა რამეს, კერძოდ – აგენტოკრატიას გულისხმობენ. საკმარისია სიტყვა დემოკრატია სიტყვა აგენტოკრატიით ჩავანაცვლოთ და მყისიერად ცხადი ხდება, თუ რას უწოდებენ ეს ადამიანები დემოკრატიის უკუსვლას.

ე.წ. „დემოკრატიის უკუსვლა“, ანუ აგენტოკრატიის უკუსვლა არის ვითარება, როდესაც:

– აგენტურა ზედიზედ მესამედ აგებს საპარლამენტო არჩევნებს და ვერ იბრუნებს ძალაუფლებას;

– აგენტურას ამხელენ ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში;

– აგენტურა თავის ლიდერს არაჟნის კონტეინერით საქართველოში შემოპარვისთვის იმეტებს და ამითაც ვერ აღწევს მიზანს;

– აგენტურა რუსთაველის გამზირზე აღმართული სცენიდან ითხოვს მთავრობის გადადგომას და ქუჩის აქციებით ცდილობს ხელისუფლების გადატრიალებას, მაგრამ მიზანს ვერც ამ ფორმით აღწევს;

– აგენტურა მინიმალური დოზითაც ვერ ახერხებს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური კონტროლის დაბრუნებას;

– აგენტურის ორი მთავარი ფიგურა თავს ვერ აღწევს სასჯელს ჩადენილი დანაშაულებისთვის და მათ ციხეში უწევთ სასჯელის მოხდა;

– აგენტურა იმ დონეზეა დეგრადირებული, რომ მისი მთავარი პარტიის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად ერთმანეთს ხაბეიშვილი, მელია და მუმლაძე ეჯიბრებიან;

– აგენტურა მისი ლიდერის განთავისუფლების მოთხოვნით გამართულ უკანასკნელ აქციაზე ათას კაცსაც კი ვერ უყრის თავს;

– აგენტურა ვერ ასრულებს მთავარ დავალებას და ვერ აღწევს საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღებას.

ტრადიციულად, აგენტურის დასუსტების ფონზე, მათი პატრონები აქტიურდებიან და ასე ცდილობენ ხოლმე მათი თანამშრომლების სისუსტის კომპენსირებას. ამ ტრადიციის გათვალისწინებით, ორი სენატორის – რიშისა და შაჰინის ბოლოდროინდელი გააქტიურებაც სავსებით ლოგიკურია.

ასევე, მოსალოდნელია, რომ აგენტურის პატრონები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემის აქტუალიზებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან. საქართველოსთვის პრაქტიკული თვალსაზრისით არაფრისმომცემი სტატუსის თემა, თავის დროზე, ჩვენთვის მოიგონეს, რათა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოსთვის სტატუსი არ მიენიჭებინათ და ამით, ხელისუფლებაში აგენტოკრატიის დაბრუნებისთვის გაეხსნათ გზა. თუმცა, საზოგადოებამ მაშინ სცენარი, საბოლოოდ, იოლად გაშიფრა და აგენტურას მისი განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა. ამის მიუხედავად, გამორიცხული არაა, მათ კანდიდატის თემის აქტუალიზება კიდევ ერთხელ სცადონ, თუმცა, დარწმუნებული ვართ, საზოგადოება ამ სცენარსაც ადვილად წაიკითხავს და მას კიდევ ერთხელ სათანადო რეაქციით შეხვდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში დემოკრატიის წინსვლა და აგენტოკრატიის უკუსვლა ერთნაირი მათემატიკური სიზუსტით მტკიცდება. ამასთან, აგენტოკრატიის უკუსვლა სწრაფი ტემპით სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც პარლამენტის საბოტაჟმა, 19 აპრილის ნაძალადევმა შეთანხმებამ და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებამ ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო და აგენტოკრატიის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის მოაზრებულმა ამ სამივე აქტმა, საბოლოოდ, აგენტურა იქით დაასუსტა. დემოკრატიის ე.წ. ორწლიანი უკუსვლა სინამდვილეში სწორედ იმ უკუსვლას მოიაზრებს, რომელიც აგენტურამ ამ ორი წლის მანძილზე განიცადა.

ფაქტია, რომ საქართველოს "დაუძინებელი მეგობრები“ ქართულ საზოგადოებას დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრით კიდევ დიდხანს შეაწუხებენ. მთავარია, საზოგადოება ამგვარი რიტორიკით არ გადაიღალოს და ამ ფონზე, შეცდომა არ დაუშვას. სწორედ ამისათვის არის საჭირო სიმართლით ხალხის აღჭურვა. მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია საქართველოს თავიდან ააცილოს აგენტოკრატიის დაბრუნება, რაც ქვეყანაში მშვიდობისა და დემოკრატიული წინსვლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა“, – ნათქვამია ხალხის ძალის განცხადებაში.

კომენტარები