მოგების გადასახადი

IMF მთავრობას: მოგების გადასახადის რეფორმის ნაცვლად, გაკოტრების კანონი გააუმჯობესეთ

Bloomberg

2017 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში "ესტონური მოდელის" საგადასახადო სისტემა შევა ძალაში, რის შედეგადაც მოგების გადასახადს განაწილებული მოგების გადასახადი ჩაანაცვლებს. წინასწარი გათვლებით, რეფორმის შედეგად მომავალ წელს მოგების გადასახადისგან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლები 500 მილიონით შემცირდება, ეს თანხა კი ბიზნესსექტორის მიერ რეინვესტირდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) "ესტონურ მოდელთან" დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამს. ფონდის შეფასებით, რეფორმა ქვეყანას ზედმეტად ძვირი უჯდება, რადგანაც ის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიარდი ლარის გაქრობას იწვევს. საქართველოში ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, ფრანსუა ჰეშპოს თქმით, "ესტონური მოდელის" შემოღების ნაცვლად საქართველოს ბიზნესგარემოს განვითარება გაკოტრების კანონის გაუმჯობესებით ან სასამართლო სისტემის რეფორმირებითაა შესაძლებელი, თანაც ეს რეფორმები ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს რისკის ქვეშ არ აყენებენ. 

"მთავრობის თქმით, ეს რეფორმა ინვესტიციებს წაახალისებს, ჩვენი შეფასებით კი ამ მიზნის მისაღწევად სხვა ასევე ეფექტური გზები არსებობს, რომლებიც ასე ძვირი არ ჯდება. წინასწარი გათვლებით, ეს რეფორმა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ნახევარი მილიარდი ლარის დანაკლისს გამოიწვევს, რასაც სხვა წყაროებიდან დაბალანსება ესაჭიროება. და ეს იმ პირობებში, როდესაც გადასახადები, მათ შორის, იგივე მოგების გადასახადი საქართველოში ისედაც დაბალია, როგორც რეგიონთან, ისე დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით. ვფიქრობთ, რომ მოგების გადასახადის შემცირებით, საქართველო ბევრს ვერ მოიგებს, ახალი ინვესტიციების მოზიდვა კი სხვა გზებითაც არის შესაძლებელი. მაგალითად, გაკოტრების კანონმდებლობის მოწესრიგება, განათლების რეფორმა და სასამართლო რეფორმა, ეს რეფორმები "ესტონური მოდელის" დანერგვასთან შედარებით იაფი ჯდება და მათ ინვესტიციების მოზიდვაც შეუძლიათ. რაც შეეხება ხარჯებს, არის ამ მხრივაც დანაკლისის საბიუჯეტო ხარჯების შემცირებით დაბალანსების შესაძლებლობა", - საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე განაცხადა საქართველოში IMF-ის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა ფრანსუა ჰეშპომ. 

ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის ჩატარებული რეფორმების მიუხედავად, გაკოტრების კანონმდებლობას რეფორმები არ შეხებია, რის გამოც ეს სფერო ახალი ინვესტიციების მოზიდვისთვის კვლავ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. Doing Business-ის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მე-16 ადგილზეა. კრიტერიუმი, რომელშიც საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა აქვს და 106-ე ადგილზე იმყოფება, სწორედ გაკოტრების კანონმდებლობაა. 

საერთაშორისო სავაჭრო პალატის, ICC-ის პრეზიდენტის ფადი ასლის შეფასებით, ქვეყანაში "ესტონური მოდელის" დანერგვა ახალი ინვესტორების მოზიდვისთვის კარგი გზაა. ფადი ასლის თქმით, IMF-ის ეჭვები გასაგებია, რადგანაც ორგანიზაცია მთავრობას რეფორმით გამოწვეული 500-მილიონიანი დანაკლისის სხვა წყაროებით, მაგალითად, თამბაქოსა და ალკოჰოლზე აქციზის გადასახადის ზრდით დაბალანსებას ურჩევს, რასაც სავაჭრო პალატა ეწინააღმდეგება.

კომენტარები