საქართველო-აშშ

შაჰინი ქართველებს: იმედია, შეძლებთ გყავდეთ ლიდერები, რომლებიც რუსეთისგან დაგიცავენ

ჯილ შაჰინი

აშშ-ს სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ კითხვის პასუხად თქვა, რომ მას ივანიშვილისთვის ამ კუთხით არ შეუხედავს, თუმცა ქართველებს სჭირდებათ ლიდერები, რომლებიც ქვეყანას პოზიტიური მიმართულებით წაიყვანენ.

"სანქციებზე საუბრისას, გვაქვს გარკვეული კრიტერიუმები, რომლებსაც ვაფასებთ. ბატონი ივანიშვილის შემთხვევაში, სანქციებზე ამ კუთხით არ შემიხედავს – ასე რომ, არ ვიცი. მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ ფუნდამენტური საკითხი არის ის, რომ ადამიანებს სჭირდებათ ლიდერები, რომლებიც მათ ქვეყანას პოზიტიური მიმართულებით წაიყვანენ. პრეზიდენტ ზელენსკის მაგალითი რომ ავიღოთ, მას ეს საშინელი ომი ხვდა წილად. ის დარჩა უკრაინაში და იბრძვის უკრაინელი ხალხისთვის. მან რუსეთს მამაცი წინააღმდეგობა გაუწია და დასავლეთსა და მთელ მსოფლიოში უკრაინის საჭიროებების შესახებ ძლიერი არგუმენტები წამოაყენა. ეს არის ლიდერობა, რომლის ნახვაც ხალხს სურს კრიზისის დროს.

ასე რომ... ქართველ ხალხს ვეტყოდი, იმედი მაქვს, რომ შეძლებთ გყავდეთ მსგავსი ლიდერები, რომლებიც გაგრძნობინებენ იმას, რომ დაგიცავენ რუსეთისგან, რომელსაც ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი და რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ნათელი მომავლისკენ სწრაფვაში, მხარდაჭერის მოპოვებაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აი, ასეთ ლიდერებს ვისურვებდით საქართველოსთვის". – თქვა ჯინ შაჰინმა.

იმავე ინტერვიუში აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა, ჯეიმს რიშმა ამერიკის ხმას უთხრა, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ მართავს მას, თუმცა ამისთვის თავისუფალი არჩევნებია საჭირო.

"თუ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გყავს, მათ ცუდი ლიდერი ვერ მართავს, ყოველ შემთხვევაში – დიდი ხნის განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა ისინი ფარდის უკნიდან მოქმედებენ თუ წინიდან. მაგრამ, ამისთვის საჭიროა დემოკრატია, თავისუფალი დემოკრატია, რომელშიც ხალხს შეუძლია თავისუფალი ხმის მიცემა. ეს გადაწყვეტილება ქართველებმა უნდა მიიღონ.

ეს ივანიშვილი იქნება, სააკაშვილი თუ ვინმე სხვა, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ისინი იქ ცხოვრობენ, ხედავენ რა ხდება... თავისუფალი კენჭისყრით და თავისუფალ არჩევნებში – ისეთში, როგორიც 2012 წლის ოქტომბერში ვნახეთ – ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს". – თქვა რიშმა.

კომენტარები