მიხეილ სააკაშვილი

კობახიძე: ქვეყანას ვერავის ავარევინებთ, სააკაშვილის გათავისუფლებას ამ მიზნისთვის გვთხოვენ

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ ემპათიას დასკვნას ეხმაურება. კობახიძე ამბობს, რომ დასკვნაში უნდა მიუთითონ, თუ რა დაავადებები აქვს სააკაშვილს, სხვა პატიმრებისგან განსხვავებით. მისივე შეფასებით, ექსპრეზიდენტის გათავისუფლება ოპონენტებს "ქვეყნის ასარევად" სურთ. 

"ორგანიზაცია ემპათია პირდაპირ არის დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, ამას მისი ხელმძღვანელი არასდროს მალავდა. სანდოობა, რა თქმა უნდა, არის ნულის ტოლი. მიკერძოებულია ჩვეულებრივად ეს ორგანიზაცია.  

რაც შეეხება დიაგნოზს, აქ მარტივად უნდა ითქვას, რა კონკრეტული დავადებაა ისეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის გათავისუფლებას, მაგალითად, რაც სხვა პატიმრებს არ აქვთ. ჩამონათვალს რაც შეეხება, ასეთი ჩამონათვალი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პატიმარს თუ არაპატიმარს. გარკვეული ტიპის გადახრები სამედიცინო ჩვენებების შეიძლება აღენიშნებოდეს კი არა, პრაქტიკულად, ყველას აღენიშნება. ასეთი ჩამონათვალი არაფერს არ ნიშნავს, კონკრეტულად უნდა მიუთითონ, რა არის ისეთი დაავადება, პრობლემა და პათოლოგია, რაც განაპირობებს პატიმრის გათავისუფლებას, რაც არ აქვს სხვა პატიმარს. ამას ვერ ამბობენ, ამის მაგივრად არის მშრალი საუბრები და პიარკამპანია ლობისტური კომპანიებით. ქვეყანას ვერ ავარევინებთ ვერავის, ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების მიღებას - სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისათვის, რომ ქვეყანა არიონ. რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ". - ამბობს ირაკლი კობახიძე.    

ემპათიას განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი აქვს - მათგან, დაახლოებით, 10, ემპათიას ცნობით, პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. ძირითადი დიაგნოზები არ საჯაროვდება. 

დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება. 

ემპათიას განცხადების მიხედვით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები ნეირო-ფსიქიკური, გასტრო-ენტეროლოგიური, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და მხედველობის მხრივ. მათივე ცნობით, სააკაშვილს აქვს დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, კუნთების განლევა, "რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც". 

კომენტარები