მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

"ჩემთვისაც მოულოდნელი იყო დაუძლურება, რაც ვნახე" – ლომჯარია სააკაშვილზე პრეზიდენტს ესაუბრა

ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველის ოფისი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ლომჯარიამ TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ თავი ვალდებულად ჩათვალა, პრეზიდენტისთვის მიეწოდებინა ის ინფორმაცია, რაც კლინიკა ვივამედში ნახა. სახალხო დამცველის შეფასებით, მდგომარეობა ნამდვილად ძალიან მძიმეა.

"ვფიქრობ, ადამიანებს, ვისაც არ უნახავს მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში და ესმით მხოლოდ მისი ახლობლების, ადოვკატების, ექსპერტების შეფასებები, მაინც ვერ წარმოუდგენიათ ის სიტუაცია და მდგომარეობა, რაც იქ დამხვდა. ამიტომ, მინდოდა, ჩემგან გაეგო ეს შთაბეჭდილება, მივაწოდე ნანახის შესახებ ინფორმაცია, რაზეც პრეზიდენტმა მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ ის და მისი წარმომადგენლები არიან კომუნიკაციაში ემპათიასთან და აგრძელებენ ამ ინფორმაციების მიღებას, ეს იყო ძირითადად ჩვენი კომუნიკაცია.

მე არ მისაუბრია მასთან შეწყალებაზე, მას აქვს საკმარისი ინფორმაცია და თუ გადაწყვეტს, ეს მისი მისაღები გადაწყვეტილებაა. როგორც ვხედავთ, ისიც აცხადებს ღიად, რომ ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამიტომ ამ ეტაპზე მე ამ საკითხზე არ მქონია კომუნიკაცია" - ამბობს ომბუდსმენი და აღნიშნავს, რომ უნდოდა, პრეზიდენტს მისგან გაეგო შთაბეჭდილებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

"არ ვმალავ, რომ ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ის ვითარება, ის მდგომარეობა, დაუძლურება, რაც ვნახე, ნამდვილად იყო ემოციურიც და ყველამ უნდა იცოდეს ამის შესახებ, ვცდილობ, თუ ვინმე მენდობა ან ჩემს სიტყვას რაიმე ფასი აქვს, დავარწმუნო, რომ ვითარება ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელი და მძიმეა.

ვის რა რეაგირება ექნება, მათი საქმეა, მაგრამ ჩემი ვალია... როგორც სახალხო დამცველს, რომელსაც უკვე გამდის ვადა, არ მინდა ნამდვილად, ეს საკითხი ტვირთად დამრჩეს და მინდა, ვიყო პირნათელი ერთი პატიმრის წინაშე, მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და ამაზე ნამდვილად საჭიროა რეაგირება და არ არის სახუმარო მდგომარეობა" - თქვა ლომჯარიამ TV პირველის ეთერში.

28 ნოემბერს ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრება სურდა და მას, სავარაუდოდ, დარბაზში ეტლით შეიყვანდნენ, რადგან გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეეძლო. მოგვიანებით, ვივამედის ხელმძღვანელმა, ნინო ნადირაძემ თქვა, რომ ექიმებმა სააკაშვილის ტრანსპორტირება გამართლებულად არ მიიჩნიეს, რის გამოც ექსპრეზიდენტი პროცესს არ დაესწრო.   

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 19 ნოემბერს გიული ალასანიამ თქვა, რომ სააკაშვილის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს, რომელსაც, მისივე სიტყვებით, "თვითონ ვერ გადაყლაპავდა". მოგვიანებით, ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლულია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს განცხადებით გამოეხმაურა თავად მიხეილ სააკაშვილი - მისი თქმით, მისი არცერთი ადვოკატისთვის არასდროს არ უთქვამს, რომ მოწამვლაზე ეჭვი აქვს და "სპეკულაციები უადგილოა". იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამხარაულის ცენტრს სააკაშვილისთვის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის გაკეთებასთან დაკავშირებით მიმართა. 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე კი, მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს, "ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში". ბრეგაძემ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს "დაძაბულობის მუხტის შექმნის მცდელობა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია" უწოდა. საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი კლინიკა ვივამედში "მისი ქცევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკების მინიმიზაციის მიზნით გადაიყვანეს", რადგან დანიშნულ მედიკამენტოზურ მკურნალობას "სრულყოფილად არ იტარებდა".

რატი ბრეგაძის თქმით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად უკვე მიმართეს და "ექსპერტიზა ჩანიშნულია". რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე ადვოკატის გავრცელებულ ინფორმაციას, რატი ბრეგაძის მტკიცებით, სამსახურაულის ბიუროს ასევე სთხოვეს ტოქსიკოლიგიური ექსპერტიზის ჩატარება, თუმცა, მსჯავრდებულმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კომენტარები