ჯანდაცვა

პარლამენტმა მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესებას მხარი დაუჭირა

NHS

პარლამენტმა წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით, 75 ხმით მიიღო. პროექტი საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს.

"ცვლილებები ეხება ქვეყანაში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის რეფერენტული ფასების მექანიზმის შემოტანას. რეფერენტული ფასი ითვალისწინებს მედიკამენტების ფასზე იმ ზედა ზღვრული მაჩვენებლის დაწესებას, რის ზემოთაც ბაზარზე მედიკამენტის რეალიზაცია დაშვებული არ იქნება“, - განაცხადა პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

რეფერენტული ფასები პირველ ეტაპზე დაახლოებით 1000-1200 მედიკამენტს შეეხება. თამარ გაბუნიას თქმით, ამ მექანიზმის შემოტანა დღეს ბაზარზე არსებული მედიკამენტების ფასებს სავარაუდოდ 40%-ით შეამცირებს.

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება საქართველოს მთავრობამ მოამზადა.  ​​​​​​2023 წლიდან სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის გაყიდვა.

"ეს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გადაწყვეტილებას "ისტორიულს" უწოდებს და ამბობს, რომ პირველ ეტაპზე, იანვრიდან რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება. მისი თქმით, მეორე კვარტლიდან, ზღვრული ფასები სხვა დარჩენილ რეცეპტულ მედიკამენტებს შეეხება, 2023 წლის ბოლომდე კი, ზედა ზღვარი ყველა წამლის ღირებულებაზე დაწესდება.

აფთიაქი ან დისტრიბუტორი, რომელიც მედიკამენტს უფრო ძვირად გაყიდის, ვიდრე მთავრობა განსაზღვრავს, პირველ დარღვევაზე გაფრთხილებას მიიღებს, შემდეგ კი, 5 000-დან 45 000-მდე ლარით დაჯარიმდება. 

"დისტანციურად ვალდებულება ექნებათ ინფორმაციის ონლაინ-რეჟიმში მოწოდების, ჩვენ მათ ბაზებსაც დავინახავთ, რა ფასად ყიდიან და ეს გაცილებით გაგვიმარტივებს აღსრულების ნაწილს" - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

კომენტარები