რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ჰოლოდომორისას ჩვენი განადგურება შიმშილით სურდათ, დღეს – სიბნელითა და სიცივით

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰოლოდომორთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ჰოლოდომორის ტრაგედიის შემდეგაც უკრაინელმა ხალხმა თავისუფლების სიყვარული შეინარჩუნა

"უკრაინელებმა ძალიან შემზარავი რამ გამოიარეს. და ყველაფრის მიუხედავად, მათ დაუმორჩილებელი სული და თავისუფლების სიყვარული შეინარჩუნეს. მაშინ შიმშილით სურდათ ჩვენი განადგურდება, დღეს - სიბნელითა და სიცივით.

ჩვენ არ გავტყდებით. ჩვენში ცეცხლი არ ჩაქვრება. ჩვენ კვლავ დავამარცხებთ სიკვდილს". - წერს ზელენსკი. 

უკრაინაში ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ყოველ წელს, ნოემბრის მე-4 შაბათია მიჩნეული.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მოლდოვის, რუმინეთისა და ირლანდიის პარლამენტებმა ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარეს

მოლდოვის, რუმინეთისა და ირლანდიის გარდა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად კიდევ 19 ქვეყანას აქვს აღიარებული.

უკრაინაში მასობრივი შიმშილობა - ჰოლოდომორი 1932-33 წლებში იყო, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინის მოსახლეობას კოლექტივებში შესვლა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის დათმობა აიძულა. შედეგად, რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები