ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოები

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა 494-მა დეპუტატმა, 58 წინააღმდეგი იყო, 44-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსული ძალებისა და მათი მარიონეტების მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმები და გამოვლენილი სისასტიკე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები წარმოადგენს ტერორისტულ აქტებს და სამხედრო დანაშაულს.

ამასთან, ევროპარლამენტი ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შექმნან შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და განიხილონ რუსეთის დამატება ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზემოხსენებული ნაბიჯი მოსკოვის წინააღმდეგ მთელ რიგ მნიშვნელოვან შემაკავებელ ზომებს გამოიწვევს და რუსეთთან ევროკავშირის ურთიერთობაზე შემზღუდველ გავლენას მოახდენს.

პარალელურად, ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს ევროკავშირის მიერ შედგენილ ტერორისტების სიაში შეიყვანოს "გასამხედროებული რუსული ორგანიზაცია ვაგნერის ჯგუფი, 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკი [კადიროველები] და რუსეთის მიერ დაფინანსებული სხვა შეიარაღებული ჯგუფები და მარიონეტები.

კომენტარები