ივანიშვილის დეპუტატები

ხალხის ძალას NGO-ების ჩასახშობად რუსული კანონის მიღება და მისი ამერიკულად გამოცხადება სურს

პრაიმტაიმი

ივანიშვილის დეპუტატები ამტკიცებენ, რომ სურთ, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ კანონი დასავლური ანალოგის მიხედვით მიიღონ. სოზარ სუბარის სიტყვებით, რუსულ კანონმდებლობას "საერთოდ არ იცნობს".  

ხალხის ძალის წევრი, დავით ქართველიშვილი POSTV-ის ეთერში აშშ-ში არსებულ სისტემაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ კანონზე აშშ-ს უცხოური აგენტურის რეგისტრაციის აქტის მიხედვით იმუშავებენ. 

"ხალხის ძალას აქვს გულწრფელი სურვილი, ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებული ეს ძალა დააბრუნოს არასამთავრობო სექტორის ფორმატში და იმ აგენტოკრატიის ველიდან დააბრუნოს კუნსტიტუციურ, დემოკრატიულ თამაშის წესებთან. ამისთვის ჩვენ მივმართავთ ხოლმე საერთაშორისო გამოცდილებას.

[...] ხალხის ძალა დაინტერესდა, რა სისტემა არსებობს აშშ-ში იმისთვის, რომ ელემენტარულად არ მისცე საშუალება არასამთავრობო სექტორს, კანონს ფარგლებს გასცდეს, საკუთარ თავს დისკრედიტაცია გამოუცხადოს. ამისთვის შეიქმნა 1938 წელს უცხოური აგენტურის რეგისტრაციის აქტი, რომელიც არის ფედერალური კანონის ძალის მქონე, რომელშიც 1966 წელს შეტანილი იქნება რაღაც უმნიშვნელო ცვლილებები, მაგრამ კანონის სულისკვეთება იგივე დარჩა. ეს არის აღრიცხვა იმ ორგანიზაციების, იმ ფიზიკური პირების, პოლიტიკური ძალების, რომლებიც ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან, რომლებმაც ამის შესახებ უნდა განაცხადონ, უნდა დადგნენ აღრიცვაზე (აშშ-ში ეს არის იუსტიციის სამინისტრო და გენერალური პროკურორი), უნდა ჩააბარონ ანგარიში ყოველ ნახევარ წელიწადში ამ დაფინანსების შესახებ - სად დაიხარჯა ეს თანხები, რა პროექტებს მოხმარდა და ა.შ. 

არის ძალიან საინტერესოდ წასაკითხი კანონი, რომელიც ჩვენ საქართველოში გვჭირდება, იმისთვის, რომ ეს სექტორი, რომელიც აგენტოკრატიის ფლაგმანად ჩამოყალიბდა საქართველოში, დავაბრუნოთ საკონსტიტუციო, დემოკრატიულ ჩარჩოებში, რომლიდანაც დაუფარავად არიან გამოსულები". - ამბობს დავით ქართველიშვილი.

სოზარ სუბარი კი ამტკიცებს, რომ მათ სურთ, ისეთივე კანონი მიიღონ, როგორიც აშშ-შია და, მისივე სიტყვებით, ამას უკუსვლად უთვლიან.  

"რუსულ კანონმდებლობას მე საერთოდ არ ვიცნობ, მარტო ყურმოკვრით გამიგია. თვითონ ეს უცხო ქვეყნის აგენტი თუ გავლენის აგენტი, არ ვიცი, როგორ ჰქვია, ამერიკულიდან აქვთ აღებული. თავისი რა დაამატეს, არ ვიცი, არც ვაპირებ იმის გაცნობას, ჩვენ გვინდა, დასავლური სტანდარტი ავიღოთ. იმიტომ, რომ თუ გვინდა დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიული ქვეყანა უნდა ვიყოთ იმ პრინციპებით, როგორიც არის დასავლეთში. ორმაგი სტანდარტი, რომ კი, ჩემთვის ეს კანონი მინდა, მაგრამ შენთვის არა, იმიტომ, რომ მინდა, შენ გმართო სწორედ ჩემი აგენტების მეშვეობით, არის აბსოლუტურად მიუღებელი და დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი მიდგომა". - ამბობს სუბარი.   

უცხო გავლენის აგენტების რეგისტრაციის კანონის მიღებისას ამერიკულ ანალოგზე აპელირებდნენ რუსეთშიც - ამტკიცებდნენ, რომ კანონი, რომელსაც კრემლი ოპონენტების დევნისთვის იყენებს, აშშ-ს კანონის მსგავსი იყო.  

კანონი რუსეთში 2012 წლის 20 ივლისს მიიღეს - ვლადიმირ პუტინის მე-3 ვადით არჩევის შემდეგ. უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონის მთავარი სამიზნე რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებია - კანონის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ინსტიტუტები და ფონდები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, საგარეო აგენტებად არიან მიჩნეულნი.     

2012 წელს მირებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია, (პოლიტიკური პარტიის გამოკლებით) მიიჩნევა უცხოურ აგენტად, თუ ის სხვა სახელმწიფოსგან სახსრებს ან/და ქონებას იღებს სხვა სახელმწიფოსგან, საერთაშორისო ორგანიზაციისგან, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან და, ასევე, მონაწილეობას იღებს რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობაში. რუსეთში ამტკიცებენ, რომ კანონი მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას არ კრძალავს, თუმცა მოითხოვს, რომ დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ რეესტრში. ორგანიზაციებმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია თანხის ხარკვის, აუდიტისა და მენეჯმენტის შესახებ. კანონის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება, უცხოური აგენტის სტატუსის მქონე ორგანიზაციები არაგეგმიურად შეამოწმოს, ასევე, ისინი რეესტრში იძულებით დაარეგისტრიროს.

ვლადიმირ პუტინმა კანონის მიღება 2012 წლის თებერვლის საპროტესტო აქციების საპასუხოდ გადაწყვიტა - რუსეთის პრეზიდენტი აქციების წახალისებასა და დაფინანსებაში უცხო ქვეყნების მთავრობებს ადანაშაულებდა.

აშშ-სა და რუსეთის კანონები ერთმანეთისგან განსხვავდება, ასევე, განსხვავებულია ისიც, რომ აშშ მას გამჭვირვალობისთვის იყენებს, რუსეთი კი ანგარიშსწორების იარაღად და კრიტიკის საპასუხოდ.  


ივანიშვილის დეპუტატებმა 18 ნოემბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ არასამთავრობო როგანიზაციების დაფინანსების "მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში" მოქცევასთან დაკავშირებით წინადადებას მოამზადებენ. აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებზე დეპუტატებმა დაწერეს, რომ  "საკუთარი აგენტურის დაფინანსება" არავინ უნდა "დაგვამადლოს".  

განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი - მისი შეფასებით, ჯგუფი კრემლის სახელმძღვანელოს იმეორებს, როდესაც მსგავს ინიციატივებს აანონსებს.  

კომენტარები