ირანი

ირანის სასამართლო დემონსტრანტის წინააღმდეგ სიკვდილის დასჯის განაჩენს პირველად განიხილავს

DANIEL MIHAILESCU

საპროტესტო აქციების დაწყებიდან მერვე კვირას, ირანის სასამართლო რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილეობისათვის სიკვდილით დასჯის განაჩენის საჩივარს პირველად განიხილავს

ბრალდებული, რომლის ვინაობაც უცნობია, დადანაშაულებულია საზოგადოებრივი სიმშვიდისა და წესრიგის დარღვევაში. იგი სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდების გამო დააკავეს. 

სასამართლო ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებით ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

გაეროს ცნობით, პროტესტის დაწყებიდან დღემდე, ირანში 14 000-მდე ადამიანი დააკავეს. 

ამ დრომდე, პროტესტში მონაწილე მოქალაქეებს "ღვთის წინააღმდეგ ომში ჩართულობისა და სამყაროს გარყვნის" მიზეზით აკავებდნენ, რასაც თან ახლდა სიკვდილით დასჯის განაჩენი.  

გაერო ირანის მთავრობას პროტესტის ჩასახშობად სიკვდილის დასჯის მეთოდის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.  

ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბერში ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ის მორალის პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა. 

ექსპერტთა შეფასებით, საპროტესტო აქციები ირანის მთავრობისთვის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.


13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის იმ სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება.

IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს. 22 წლის ირანელი ქურთი, ამინი მორალის პოლიციის განყოფილებაში "არასათანადო ჩაცმულობისთვის" დაკავების შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

პროტესტი 17 სექტემბერს ქურთების ქალაქ საკეზში ქალის დაკრძალვაზე დაიწყო.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ დარბევების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე თინეიჯერი.

აშშ-მ ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. იგივე მალევე დიდმა ბრიტანეთმაც გაიმეორა.

კომენტარები