3 პარტიის გაერთიანება

ჯაფარიძე: სამუშაოა, საბოლოო ჯამში, ყველა ერთობამდე მივალთ, სხვა ფორმულას ვერავინ დადებს

3 პარტიის - გირჩი-მეტი თავისუფლებას, დროასა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერები, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე კოორდინაციაზე შეთანხმების შემდეგ შეხვედრებს მართავენ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებში "ერთიანობის" იდეასთან დაკავშირებით კითხვები და განსხვავებული პოზიციები აქვთ, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ "საბოლოო ჯამში, ყველა ერთობამდე მივა" და, მისივე სიტყვებით, "სხვა ფორმულას ვერავინ დადებს". 

"მე არ ვაკეთებ კომენტარს სხვა პარტიებში [ენმ] მიმდინარე მოვლენებზე. არ მგონია, რომ ეს ჩემი საქმე იყოს. მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში ერთობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს სისტემა დავამარცხოთ და ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპული განვითარების გზას. შესაბამისად, ვიმუშავებთ და დაველაპარაკებით ყველას. ამ ერთობას ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს. ერთობის გარეშე არაფერი გამოვა. ვიდრე ხელისუფლებაში ქართული ოცნებაა, საქართველოს არ უწერია ერთი ნაბიჯით წინ ევროპისკენ და დასავლეთისკენ. წარმოდგენა არ მაქვს, ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის შეცვლის შემდეგ მოხდება თუ არა გაერთიანება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ერთიანობისკენ უნდა ვიმოძრაოთ. მე არ ვიცი პარტიაში როგორ დალაგდებიან საბოლოო ჯამში, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ დიდი ერთობა შეიქმნას ნაციონალური მოძრაობის ჩათვლით, რა თქმა უნდა. მათთან კომუნიკაცია სულ გვაქვს". - ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ამბობს ჯაფარიძე.

მისივე სიტყვებით, ენმ-ს თავმჯდომარისგან, ნიკა მელიასგან არ სმენია, რომ ის გაერთიანების წინააღმდეგია და მისი კრიტიკა მხოლოდ გაერთიანების კონკრეტულ გზებთან არის დაკავშირებული. ჯაფარიძის აზრით, "რაღაც ტიპის ერთიანობის" მხარდამჭერია ლელოც

"ამიტომ ასე ვერ იტყვით, რომ ვინმე წინააღმდეგია ერთობის. ამ წუთში რაღაც თვალსაზრისით ლელოც წინააღმდეგია ერთობის, თუმცა, ლელოს ლიდერებსაც რომ მოუსმინოთ, ისინიც რაღაც ტიპის ერთობის მხარდამჭერები არიან, ოღონდ ფორმას სხვას ფიქრობენ. სამუშაოა და საბოლოო ჯამში ყველა ერთობამდე მივალთ. სხვა ფორმულას ვერავინ დადებს და ვერ იტყვის, რომ ესაა ივანიშვილის დამარცხების გზა. არ არსებობს ასეთი ფორმულა". - ამბობს ის. 


სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა "ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით" კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა. პარტიების ლიდერების თქმით, გაერთიანების გარეშე ქართული ოცნების რეჟიმის დამარცხება "უკიდურესად რთულია" და "სხვებიც ნახავენ, რომ სხვა ალტერნარტივა არ არსებობს".  

"ერთიანობის" იდეაზე კითხვები აქვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ნიკა მელია ამბობს, რომ უნდა გამოიკვეთოს, თუ რას გულისხმობს "ერთიანობა" - მისივე შეფასებით, თუ 3 პარტია ამაში საერთო სიას მოიაზრებს, მაშინ იდეა "თავშივე განწირულია". ენმ-ს თავმჯდომარე არ ეთანხმება პრაიმერისის ჩატარებასაც და ამბობს, რომ ენმ "ყველაფერს მოიგებს" და ეს სხვა ოპოზიციურ პარტიებს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარტიის ამომრჩეველთა მონაწილეობა უნდა შეიზღუდოს საჯარო პრაიმერისში, "ეს არ იქნება ბუნებრივი, ეს იქნება ხელოვნური".   

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით კი საპარლამენტო ოპოზიციამ პოლიტიკური პროცესის მიმართ ხალხის ნდობა ძალიან დააზიანა. ევროპული საქართველოს ლიდერს აინტერესებს, რა არგუმენტი აქვთ ზურაბ ჯაფარიძეს და ელენე ხოშტარიას - ამჯერად რატომ შეიძლება "სიტყვის გამტეხი ოპოზიციის" ნდობა.

კომენტარები