რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თურქეთი მარცვლეულის შეთანხმების ერთი წლით გახანგრძლივების ინიციატივით გამოდის

თურქეთის თავდაცვის მინისტრი, ჰელუსი აკარი

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰელუსი აკარის თქმით, ანკარა მარცვლეულის შეთანხმების ერთი წლით, 2023 წლის ნოემბრამდე გახანგრძლივების ინიციატივით გამოდის

"ჩვენ წინასწარ გავნსაზღვრეთ, რომ კონფლიქტი ცალკეა, ჰუმანიტარული პირობები - ცალკე. უკრაინამ რუსეთს ჩვენი შუამავლობით წერილობითი გარანტია მისცა, ჩვენ მათ ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას ვთავაზობთ". - ამბობს აკარი.

2 ნოემბერს რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინისგან მიიღეს გარანტია, რომ საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი მხოლოდ შეთანხმების შესაბამისად იქნება გამოყენებული.

"უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად დაგვარწმუნა, რომ "საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი იქნება გამოყენებული მხოლოდ შავი ზღვის ინიციატივის დებულებების შესაბამისად"'. – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც მათ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება დატოვეს. რუსეთის თავდაცვის უწყება მიზეზად სევასტოპოლში მომხდარ "ტერაქტებს" ასახელებს, რომლის მოწყობაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. რუსეთი აცხადებს, რომ თავდასხმა, რომლის შედეგადაც მათი რამდენიმე ხომალდი განადგურდა, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებითა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით მოხდა. უკრაინა და დიდი ბრიტანეთის რუსეთის ბრალდებებს უარყოფენ.

უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ ხელი 22 ივლისს მოაწერეს. შეთანხმების შედეგად, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გადატანას შეძლებდა.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს.

კომენტარები