ოსკარი 2023

2023 წლის ოსკარის დაჯილდოებას ჯიმი კიმელი წაიყვანს

Variety

ამერიკის კინოაკადემიის რიგით 95-ე დაჯილდოების ცერემონიას ამერიკელი კომიკოსი ჯიმი კიმელი წაიყვანს. ინფორმაციას ცერემონიის შოურანერები გლენ ვაისი და რიკი კირშნერი ავრცელებენ.

კიმელი ოსკარებს მესამედ წაიყვანს. აქამდე Jimmy Kimmel Live-ის წამყვანმა 2017 და 2018 წლების დაჯილდოებას უხელმძღვანელა. ოსკარის ისტორიაში კიმელზე მეტჯერ დაჯილდოების შოუ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს წაყვანილი: ვუპი გოლდბერგი(4), ჯეკ ლემონი(4), ჯონი კარსონი(5), ბილი კრისტალი(9), ბობ ჰოუპი(11).

"ოსკარის მესამეჯერ წაყვანა ან დიდი პატივია ან დიდი მახე. ორივე შემთხვევაში მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა აკადემიას, რომ სწრაფად დამიკავშირდა, მას შემდეგ, რაც ყველა კარგმა კანდიდატმა უარი თქვა". – ამბობს კიმელი.

2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას ერთდროულად სამი წამყვანი ჰყავდა. შოუს კომიკოსები ემი შუმერი, ვანდა საიკსი და რეჯინა ჰოლი გაუძღვნენ. 

წლიდან წლამდე ოსკარის დაჯილდოების შოუს რეიტინგი ვარდება. ჰოლივუდის ინსაიდერების აზრით ჯიმი კიმელის მოწვევა მაყურებლის მოზიდვის მცდელობაა. კიმელის საავტორო შოუს 23 წელი უსრულდება და მას ყოველკვირეულად მილიონობით ადამიანი უყურებს.

 

კომენტარები