რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NASAMS-ისა და Aspide-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკვე უკრაინაშია

NASAMS-ის სისტემა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის ცნობით, NASAMS-ისა და Aspide-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები უკვე უკრაინაშია. 

"ნახეთ, ვინ მოვიდა! NASAMS-ისა და Aspide-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩამოვიდა! ეს შეიარაღება მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას და ჩვენს ცას უფრო უსაფრთხოს გახდის. გავაგრძელებთ ჩვენზე თავდამსხმელი მოწინააღმდეგე სამიზნეების ჩამოგდებას. მადლობა ჩვენს პარტნიორებს: ნორვეგიას, ესპანეთსა და აშშ-ს". – წერს ოლეკსი რეზნიკოვი Twitter-ზე.

აშშ უკრაინას NASAMS-ის 8 სისტემას გადასცემს

აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის სისტემებს შეიძენდა. ოქტომბრის პირველ ნახევარში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიშები მიიტანა, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ კიევისთვის სარაკეტო სისტემის მიწოდებას დააჩქარებდნენ.

ამას გარდა, დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიაწვდის AMRAAM-ის ტიპის რაკეტებს, რომელთა გამოყენებაც NASAMS-ის მეშვეობით არის შესაძლებელი.

NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტებს 30 კილომეტრის რადიუსსა და 21 კილომეტრის სიმაღლეზე ფრენა შეუძლიათ.

სექტემბრის ბოლოს ამერიკულმა მედია CBS-მა შეცდომით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აშშ-სგან NASAMS-ის პირველი სისტემები მიიღო.

დასავლელმა პარტნიორებმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის მიწოდება მას შემდეგ დააჩქარეს, რაც 10 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე მომხდარი 8 ოქტომბრის აფეთქების შემდეგ, რუსეთმა უკრაინაში მასშტაბური იერიშები მიიტანა, ძირითადად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

კომენტარები