კრიმინალი

ე.წ ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში 5 პირი დააკავეს. 1995 წელს დაბადებული რ. დ-ს და 1977 წელს დაბადებულ ლ. მ-ს ბრალად "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვა ედებათ, ხოლო 1982 წელს დაბადებულ დ. მ-ს, 1995 წელს დაბადებულ ჩ. გ-ს (მეტსახელად „ჩიკო“) და 1964 წელს დაბადებულ თ.ბ-ს ე.წ ქურდული სამყაროს წევრობა. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ რ. დ.-მ და ლ. მ.-მ არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად მიმართეს ე.წ ქურდული სამყაროს წევრებს - დ. მ.-ს, თ. ბ. და ჩ. გ.-ს.

კომპლექსური გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულები - "ქურდული სამყაროს“ წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების "ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.

ბრალდებულმა "ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოდავე მხარეებს შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, თბილისსა და სამეგრელოში რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევები.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები" - აცხადებს შსს.

ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის და "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები