რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ცრუობენ, დრონებს დღეში 10-ს მაინც ვაგდებთ" – ზელენსკი ირანის აღიარებაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დრონებთან დაკავშირებით თეირანის აღიარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირანის მტკიცება, თითქოს რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები მცირე რაოდენობით უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე მიაწოდა, მცდარია

ზელენსკის განმარტებით, უკრაინა ყოველდღიურად 10 დრონს მაინც აგდებს, მაშინ, როცა ირანი ამტკიცებს, რომ რუსეთს მცირე რაოდენობის უპილოტო თვითმფრინავი მიაწოდა. 

"თუმცა ამ აღიარებაშიც იცრუეს. ირანულ დრონებს დღეში მინიმუმ ათს ვაგდებთ და ირანის რეჟიმი აცხადებს, რომ მან თითქოს რუსეთს მცირე რაოდენობა მიაწოდა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე. გუშინ მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში განადგურდა 11 შაჰედი". - ამბობს ზელენსკი.

"ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ირანელი ინსტრუქტორები რუს ტერორისტებს უპილოტო თვითმფრინავების მართვას ასწავლიდნენ - თეირანი კი ამაზე დუმს". - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გუშინ, 5 ნოემბერს ირანში პირველად აღიარეს, რომ რუსეთს დრონები მიაწოდეს - თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მტკიცებით, ეს ომის დაწყებამდე მოხდა, მანამ, სანამ ოკუპანტები დრონებს ელექტროსადგურებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. 

ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინამ მრავალჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები ე.წ. კამიკაძე დრონებს იყენებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმისთვის. 
 
ოქტომბერში ევროკავშირმა ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა. იმავე მიზეზით დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა 3 ირანელი გენერალი და დრონების მწარმოებელი კომპანია. 

კომენტარები