უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა დონეცკის ოლქში იმაზე მეტი სამხედრო და საბრძოლო მასალა დაკარგა, ვიდრე ჩეჩნეთის ორ ომში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
"ამ კვირაში ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონბასში მიმდინარეობს - ბახმუტსა და სოლედარში. ჩვენს პოზიციებს ვამაგრებთ. დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე რუსულმა არმიამ თავისი ხალხისა და საბრძოლო მასალის იმაზე დიდი რაოდენობა დახარჯა, ვიდრე ჩეჩნეთის ორ ომში ერთად. თუმცა, რუსეთის დანაკარგების რეალური სურათი საზოგადოებისთვის დაფარულია". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის სიტყვებით, დღევანდელი რუსეთის მაღალჩინოსნების სიჯიუტე მიანიშნებს იმაზე, რომ ყველაფერი, რაზეც ისინი უცხოურ ლიდერებს ესაუბრებიან, თუნდაც მათი მხრიდან მოლაპარაკებებისთვის სავარაუდო მზადყოფნა - სრული სიცრუეა.
"როდესაც ვინმე მოლაპარაკებაზე ფიქრობს, ის არ ეძებს გზებს, თუ როგორ მოატყუოს გარშემომყოფები, რათა ხორცსაკეპი მანქანისთვის კიდევ ათეულობით ან ასობით ათასი ადამიანი გაწიროს - მობილიზებული თუ ე.წ. დაქირავებული ჯარისკაცების სახით". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკი განმარტავს, რომ უკრაინა სამართლიანი მშვიდობისთვის მზად არის და კიევის პოზიცია მსოფლიოსთვის ცნობილია.
"ეს [მშვიდობის გზა] არის გაეროს წესდების პატივისცემა, ჩვენი ხალხის პატივისცემა და სათანადო პასუხისმგებლობის დაწესება ტერორზე - სასჯელი ყველა დამნაშავისთვის და სრული კომპენსაცია რუსეთის მხრიდან მოყენებული ზიანისთვის". - ამბობს ზელენსკი.





