რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიდერლანდები, ჩეხეთი და აშშ უკრაინას დამატებით 90 ტანკს გადასცემენ

უკრაინის შეიარაღებით, მათ შორის 90 ტანკით მომარაგებისთვის, ნიდერლანდები ჯამში დამატებით 120 მილიონ ევროს გამოყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი ადასტურებს. მინისტრი არ აკონკრეტებს თუ რა ტიპის იარაღი შედის დახმარების ახალ პაკეტში.

"მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეესაბამება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს". – თქვა ოლონგრენმა.

ოლონგრენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული დახმარების მიზანი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა და არა რუსეთის ტერიტორიების მიტაცება.

"ის [რუსეთი] აგრესორია. არც უკრაინიდან და არც იმ ქვეყნებიდან, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, რუსეთის ტერიტორიას საფრთხე არ ემუქრება. ეს მხოლოდ თავდაცვის საკითხია". – აღნიშნა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.

აღნიშნული თანხიდან, ნიდერლანდები 45 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის 90 ახალი ტანკის გადასაცემად, რომლის ორგანიზებაც ჩეხეთთან და აშშ-სთან ერთად ხდება. საუბარია T-72 ტიპის ტანკებზე, რომლებიც დამზადებულია საბჭოთა კავშირში, თუმცა, უკრაინას გადაეცემა მოდერნიზებული ვარიანტი, რომელიც დამზადდა ჩეხეთში. 

კომენტარები