რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: EU-ს მიერ უკრაინისთვის გაწეული ფინანსური დახმარება უკვე 22 მილიარდ ევროს შეადგენს

ჯოზეფ ბორელი
Reuters

უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაწეული ფინანსური დახმარება უკვე 22 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ბორელმა გერმანიაში, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ მსოფლიომ კვლავ უნდა გააგრძელოს უკრაინის არმიის მხარდაჭერა და რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

"ევროკავშირმა უკვე გამოყო 22 მილიარდი ევრო უკრაინის მხარდასაჭერად და ამ რიცხვში არ შედის წევრი ქვეყნების მიერ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწეული სამხედრო მხარდაჭერა. საუბარია 3 მილიარდ ევროზე ევროპის მშვიდობის ფონდიდან და 19 მილიარდ ევროზე ევროკავშირისგან და წევრი ქვეყნებისგან უკრაინის ფინანსური და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის: ჰუმანიტარული დახმარება, ასევე, უკრაინელებისთვის მასალების მიწოდება, რათა მათ ზამთარში გადარჩენა შეძლონ". - თქვა ბორელმა.

ბორელის შეფასებით, ვლადიმირ პუტინი "გენერალ ზამთარს" ელოდება, რომელიც ახლოვდება, მოვა და მხარს დაუჭერს რუსეთის ჯარს.

"ახლა, როგორც არასდროს, მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ისინი იბრძვიან, იცავენ თავიანთ ქვეყანას, მათი მხარდაჭერა ჩვენი მორალური მოვალეობაა". - თქვა ბორელმა.

კომენტარები