რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: რუსული ენერგოტერორისთვის გაძლება ჩვენი ეროვნული ამოცანაა

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ რუსეთს უკრაინის დამარცხება ბრძოლის ველზე არ შეუძლია და ამ მიზეზით, მან უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმა გადაწყვიტა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ენერგოტერორისთვის გაძლება უკრაინის ეროვნული ამოცანაა. 

"რუსული ენერგოტერორისთვის გაძლება ჩვენი ეროვნული ამოცანაა. ის ფაქტი, რომ რუსეთმა ენერგო ინდუსტრიას შეუტია, მტრის სისუსტეზე მეტყველებს. მათ ბრძოლის ველზე უკრაინის დამარცხება არ შეუძლიათ და ამიტომ, ჩვენი ხალხის გატეხვას ამ გზით ცდილობენ - დაამცირონ უკრაინელები, დაარტყან მათ სულისკვეთებას. მე მჯერა, რომ რუსეთის ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება". - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

ასევე, ზელენსკიმ ადგილობრივ თვითმმართველობებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ ელექტროენერგიის მიზნობრივ და სწორ გამოყენებას უკრაინის ყველა ქალაქსა და დასახლებაში. ზელენსკიმ ელექტროენერგიის მოხმარების დაზოგვის თხოვნით მოსახლეობასაც მიმართა. 

გარდა ამისა, ვიდეომიმართვაში ზელენსკი რუსეთის ტყვეობიდან 107 უკრაინელი მებრძოლის გათავისუფლებას გამოეხმაურა და მათ სახლში დაბრუნება მიულოცა. 

"დღეს რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 107 უკრაინელი გათავისუფლდა. მათგან 6 ოფიცერია 101 სერჟანტი და რიგითი. საზღვაო ძალები, ტერიტორიული თავდაცვა, ეროვნული გვარდია, მესაზღვრეები... ბევრი დაიჭრა, საკმაოდ მძიმედ, თუმცა, უკვე ყველა მათგანი იღებს საჭირო დახმარებას. 

გულწრფელად მიხარია, რომ კიდევ 107-მა ოჯახმა ნახა მათი საყვარელი ადამიანები და მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდებს, რომლებმაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადეს: დაზვერვას, უსაფრთხოების სამსახურს, ობდუსმენს. ჩვენ აუცილებლად ყველა ქალსა და კაცს, რომლებიც ტყვეობაში არიან სახლში დავაბრუნებთ. ჩვენ თითოეული უკრაინელი გმირი გვახსოვს". - დასძინა ზელენსკიმ. 

კომენტარები