რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

IAEA: უკრაინის 3 ობიექტზე არადეკლარირებული ბირთვული მოქმედების და მასალის ნიშნები არ გვხვდება

რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან.
 EPA-EFE/SERGEI ILNITSKY

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინფორმაციით, უკრაინაში ბირთვული სადგურის 3 ობიექტზე არადეკლარირებული ბირთვული აქტივობის დამადასტურებელი რაიმე ნიშანი არ გვხვდება. IAEA-მ ობიექტები კიევის მოთხოვნით მას შემდეგ შეამოწმა, რაც რუსეთმა უკრაინა "ბინძური ბომბის" შექმნაში დაადანაშაულა. 

"ჩვენი ტექნიკური და სამეცნიერო შეფასებით, არადეკლარირებული ბირთვული აქტივობებისა და მასალის ნიშნები ობიექტებზე არ გვხვდება". - ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებაში. 

გასულ კვირას, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთს უკრაინის მიერ ე.წ. "ბინძური ბომბის" მომზადებისა და მისი ზოგადი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია აქვს. 

23 ოქტომბერს სერგეი შოიგუმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან საუბრის დროს უკრაინის მხრიდან "ბინძური ბომბის" გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა. ამავე საკითხზე ესაუბრა აშშ-ს თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინსაც.

სერგეი შოიგუს ბრალდება Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში უარყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. მისი თქმით, რუსები ხშირად სხვებს აბრალებენ იმას, რასაც თავად გეგმავენ. ეს სიტყვები Bloomberg-თან საუბარში გაიმეორა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც.

აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა ერთობლივ განცხადებაში რუსეთის ბრალდებას "ცხადი სიცრუე" უწოდეს. დასავლეთში ფიქრობენ, რომ რუსეთი "ბინძური ბომბის" საბაბს, შესაძლოა, ესკალაციისთვის იყენებდეს.

ბინძურ ბომბად მოიხსენიებენ კუსტარულად დამზადებულ ბირთვულ იარაღს.

კომენტარები