გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული სასტიკი ომი ევროპას ერთიანობისკენ უბიძგებს. მისი თქმით, დროა ევროპამ რეგიონული კონფლიქტები გადალახოს. ამის შესახებ შოლცმა დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ გვიბიძგებს ერთად დავდგეთ ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად. ახლა დროა, გადავლახოთ რეგიონული კონფლიქტები, რომლებიც დიდი ხანია, გრძელდება. კონფლიქტებმა თქვენ გაგყოთ და შეაფერხა თქვენი ქვეყნების სვლა ევროპულ გზაზე. კერძოდ, სერბეთისა და კოსოვოს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი უნდა დაჩქარდეს". - თქვა შოლმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყანა [ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი] თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის ნაწილია.
"თქვენი ევროკვაშირში გაწევრიანება ჩვენს ინტერესებშია. ყველამ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა, რათა შევასრულოთ ის მოლოდინები, რომლებიც 20 წლის წინ სალონიკში დაიწყო – ევროპული მომავლის დაპირება თქვენი ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის. ჩვენი საქმეა, რომ ეს დაპირება რეალობად ვაქციოთ". - თქვა შოლცმა.