კრიმინალი

შსს: ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 4 პირი დავაკავეთ, 2-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 4 ადამიანი დააკავეს.      

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძებით დაადგინეს, რომ დაკავებულები მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, სარგებლის მისაღებად მოქალაქეებს შორის დავების გადაწყვეტაში ერთვებოდნენ, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ე.წ. კანონიერ ქურდებს, მათ შორის, მინდია ლავასოღლისა და ასლან ქობულაძეს, მეტსახელად ბაბუს უკავშირდებოდნენ და მათგან მითითებებს იღებდნენ.  

შსს-ს ცნობით, ბრალდებულები ცდილობდნენ, მოქალაქისგან გამოეძალათ ფული, რომელიც ბიზნესმენს სესხად გამოართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდნენ. 

"საზღვარგარეთ მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდი" - ჯ. ბ. (მეტსახელად ბონჩო), ქონებრივი სარგებლის მისაღებად, თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მართავდა და ორგანიზებას უწევდა საქართველოში მცხოვრებ, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერ პირებს, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ რ.ხ.-ს და ს.ყ.-ს. კერძოდ, ჯ.ბ. აღნიშნული პირების მეშვეობით უკავშირდებოდა ერთ-ერთ მოქალაქეს გ.გ.-ს, რომლისგანაც ბრალდებულები ქართველი ბიზნესმენისგან სესხის სახით გამორთმეული თანხის - 55 000 ლარის გამოძალვას ცდილობდნენ, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ე.წ. ქურდული გარჩევის გზით". - წერია განცხადებაში.  

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან: 1962 წელს დაბადებული რ. ხ. ასევე, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები: 1989 წელს დაბადებული გ. პ. 1990 წელს დაბადებული ბ. ს. და 1980 წელს დაბადებული ს. ყ. ასევე, შსს-ს ინფორმაციით, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს - 1977 წელს დაბადებულ ჯ. ბ.-ს, მეტსახელად ბონჩოს და 1974 წელს დაბადებულ ა.თ.-ს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ. კანონიერი ქურდობის, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 -ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები