რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

IAEA უკრაინაში ამოწმებს ობიექტებს, სადაც, რუსეთის მტკიცებით, "ბინძურ ბომბებზე" მუშაობენ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტები უკრაინაში უკვე ამოწმებენ ორ ბირთვულ ობიექტს, სადაც რუსეთის მტკიცებით, "ბინძურ ბომბებზე" მუშაობენ. 

IAEA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა უკრაინაში ორ ლოკაციაზე მუშაობების დაწყების შესახებ და დასკვნა კვირის ბოლოს იქნება მზად.

აქამდე, 25 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ IAEA, კიევის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე, უკრაინაში შეამოწმებდა ობიექტებს, სადაც, რუსეთის ბრალდებით, "ბინძურ ბომბებზე" მუშაობენ.

23 ოქტომბერს სერგეი შოიგუმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან საუბრის დროს უკრაინის მხრიდან "ბინძური ბომბის" გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა. ამავე საკითხზე ესაუბრა აშშ-ს თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინსაც.

სერგეი შოიგუს ბრალდება Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში უარყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. მისი თქმით, რუსები ხშირად სხვებს აბრალებენ იმას, რასაც თავად გეგმავენ. ეს სიტყვები Bloomberg-თან საუბარში გაიმეორა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც.

აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა ერთობლივ განცხადებაში რისეთის ბრალდებას "ცხადი სიცრუე" უწოდეს. დასავლეთში ფიქრობენ, რომ რუსეთი "ბინძური ბომბის" საბაბს, შესაძლოა, ესკალაციისთვის იყენებდეს.

კიევის მოთხოვნით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ორ ბირთვულ ობიექტზე, სადაც, რუსეთის ბრალდებით, უკრაინა "ბინძურ ბომბებზე" მუშაობს, ინსპექტორებს შესამოწმებლად გაგზავნის.

ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე "ბინძური ბომბის" საკითხის განხილვას აპირებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათი ძალები მზად არიან რადიოაქტიური დაბინძურების პირობებში სამუშაოდ.

პენტაგონი რუსეთს აფრთხილებს, რომ ბინძური ბომბის და ნებისმიერი ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევას შედეგები მოჰყვება.

კომენტარები