რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: მარცვლეულის შეთანხმებას არ ვტოვებთ, მას დროებით ვაჩერებთ

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი მარცლეულის შეთანხმებიდან არ გადის, მას უბრალოდ დროებით აჩერებს

"ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამ ოპერაციაში მონაწილეობას ვწყვეტთ, არა, ჩვენ ვამბობთ, რომ მას ვაჩერებთ". - თქვა პუტინმა. 

პუტინის მტკიცებით, უკრაინულმა უპილოტო დრონებმა იგივე უსაფრთხო დერეფნები გაიარეს, რომელსაც მარცვლეულის გემები იყენებდნენ. 

"ამით, მათ შექმნეს საფრთხე როგორც ჩვენი გემებისთვის, რომლებმაც მარცვლეულის ექსპორტის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ, ასევე სამოქალაქო გემებისთვის, რომლებიც ამაში არიან ჩართულნი". - აღნიშნა პუტინმა. 

თურქეთმა, გაერომ და უკრაინამ დღეს, 31 ოქტომბერს მარცვლეულის ექსპორტი განაგრძეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ნაბიჯს "მიუღებელს" უწოდებს. 

"უკრაინამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტია როგორც სამოქალაქო, ისე რუსული სატვირთო გემებისთვის". - თქვა პუტინმა და დასძინა, რომ შეთანხმების მიხედვით, რუსეთი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი.  

რუსეთმა 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმებას განუსაზღვრელი ვადით ტოვებენ. მოსკოვში ამ გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინული მხარის "ტერაქტები" დაასახელეს.

უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ ხელი 22 ივლისს მოაწერეს. შეთანხმების შედეგად, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გადატანას შეძლებდა.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს. 

კომენტარები