რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი უკრაინაში აფეთქებულ ინფრასტრუქტურაზე: ეს არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია

ვლადიმირ პუტინი

"ნაწილობრივ, თუმცა ეს არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია". - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტის შეკითხვას, იყო თუ არა უკრაინის ინტრასტრუქტურაზე თავდასხმა სევასტოპოლში განვითარებულ მოვლენებზე პასუხი. 

რუსეთის ბრალდებით, უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლში 29 ოქტომბერს მათი შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს თავს სამოქალაქო გემიდან დაესხნენ.

რუსეთის მტკიცებით, მათ ხომალდებს თავს დაესხნენ უპილოტო საზღვაო აპარატებით, რომელთა ნამტვრევების მოპოვება და გამოკვლევა შეძლეს. მათივე თქმით, სანავიგაციო სისტემის ანალიზით, დაამტკიცეს, რომ დანადგარები ოდესის რაიონში მდებარე სამოქალაქო ხომალდიდან გაუშვეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ უპილოტო საზღვაო აპარატები ხორბლის დერეფბის უსაფრთხოების ზონაში გადაადგილდებოდნენ, საიდანაც სევასტოპოლში განლაგებული რუსული ხომალდებისკენ გაემართნენ. მათივე მტკიცებით, ერთ-ერთი აპარატის მონაცემები აჩვენებს, რომ ის გაშვებულ იქნა ხორბლის დერეფნის ზონიდან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ეს მიუთითებს იმის შესაძლებლობაზე, რომ უპილოტო აპარატები, შესაძლოა, გაუშვეს სამოქალაქო ხომალდიდან, რომელიც კიევის ან დასავლელი პარტნიორების მიერ არის დაქირავებული.

29 ოქტომბერს ოკუპირებულ სევასტოპოლში აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უპილოტო აპარატებით თავდასხმა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელა, დილის 4 საათზე. რუსეთის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა გამნაღმველი ხომალდი ივან გოლუბეცის დაზიანება. ამის შემდეგ, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თავდასხმა განხორციელდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის, სულ მცირე, სამ ხომალდზე, მათ შორის ფლაგმან ადმირალ მაკაროვზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებით, თავდასხმაში უკრაინის გარდა მონაწილეობდა ბრიტანეთის საზღვაო სამხედრო ძალებიც. მათი ბრალდებით ისინი ამ თავდასხმას ხელმძღვანელობდნენ. რუსეთის მტკიცებით ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლები უკრაინის ქალაქ ოჩაკოვში იმყოფებიან. ამას გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ძალებს ჩრდილოეთის ნაკად 1-სა დაჩრდილოეთის ნაკად 2-ზე თავდასხმებში ადანაშაულებს. ბრიტანეთი მოსკოვის ბრალდებებს "ეპიკური მასშტაბის" სიცრუეს უწოდებს.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ფიქრობენ, რომ რუსული ხომალდების დაზიანების მიზეზი, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის აპარატების მიერ რაკეტების წარუმატებელი გაშვება გამხდარიყო.

რუსეთმა 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმებას განუსაზღვრელი ვადით ტოვებენ. მოსკოვში ამ გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინული მხარის "ტერაქტები" დაასახელეს.

უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ ხელი 22 ივლისს მოაწერეს. შეთანხმების შედეგად, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გადატანას შეძლებდა.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს. 

კომენტარები