რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: კიევს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში 12 ქვეყანა დაეხმარება

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, კიევს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში 12 ქვეყანა დაეხმარება

კულებას ინფორმაციით, უკრაინელი დიპლომატები პარტნიორებთან მოლაპარაკებებს მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ. ასევე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპული სამოქალაქო დაცვის მექანიზმისა და NATO-ს კრიზისზე რეაგირების ცენტრის ფარგლებში შესაბამისი მოთხოვნები განაახლა. გარდა ამისა, დიპლომატები უშუალოდ ელექტროტექნიკის მწარმოებლებთანაც მუშაობენ, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, შვედეთში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში. 

"ჩვენ უკვე შევთანხმდით აღჭურვილობის მიწოდებაზე 12 ქვეყნის მთავრობისა და კომპანიისგან: ისრაელი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, გერმანია, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, კორეის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი და საფრანგეთი.

მთლიანობაში, ჩვენ 954 ერთეულ ელექტროტექნიკაზე ვსაუბრობთ. დახმარების პირველი ნაწილი უკვე უკრაინაშია, დანარჩენს უახლოეს მომავალში მივიღებთ. რუსულ ტერორს ჩვენი გატეხვის უფლებას არ მივცემთ... მადლიერი ვართ ყველა პარტნიორისა და კომპანიის, რომელიც ჩვენს გადაუდებელ საჭიროებასა და მოთხოვნას გამოეხმაურა". - თქვა კულებამ. 

კულებას ცნობით, უკრაინა პარტნიორი ქვეყნებისა და კომპანიებისგან სხვადასხვა აღჭურვილობას, მათ შორის რამდენიმე ტიპის გენერატორს, ავტომატურ გადამრთველებსა და სხვა ტექნიკას მიიღებს. 

ასევე, ჩეხეთის პრემიერინისტრმა, პეტრ ფიალამ, რომელიც დღეს, 31 ოქტომბერს კიევში მის უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს შეხვდა, თქვა, რომ პრაღა უკრაინას დიზელის ელექტრო გენერატორების შესაძენად 20 მილიონ კრონს გადასცემს.

კომენტარები