უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული ჯარები ხერსონს არ ტოვებენ და ე.წ. მზადება გასვლისთვის საინფორმაციო პროპაგანდის ნაწილია. ამის შესახებ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
"მე ვერ ვხედავ, რომ რუსები ხერსონიდან გარბიან. ეს საინფორმაციო თავდასხმაა. ყველაფერს ვერ გაგიმხელთ, თუმცა ეს თავდასხმაა, რომ ჩვენ მოვხსნათ ხალხი სახიფათო ტერიტორიიდან. სინამდვილეში, ისინი ხერსონის დატოვებას არ აპირებენ". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთის ძალების ყველაზე გაწვრთნილი სამხედროები თავიანთ პოზიციებზე რჩებიან და ისინი არსად წასვლას აპირებენ. უკრაინის პრეზიდენტმა საზოგადოებას მოუწოდა, პროპაგანდას არ ენდოს.
გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, რუსებმა იციან, რომ მათ ხერსონში უკან დახევის შესაძლებლობა არ ექნებათ, თუ უკრაინული ჯარები იქ წარმატებას მიაღწევენ.
"მათ ეს ესმით და ეს სიტუაციას ამძიმებს. თუმცა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ". - თქვა ზელენსკიმ.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა ხერსონის გათავისუფლებას, ზელენსკიმ აღნიშნა:
"რა თქმა უნდა. ეს რთულია, რადგან ხერსონის დაბრუნება ადამიანების სიცოცხლის ფასად გვიწევს. ჩვენ მათ რუსეთისგან განსხვავებულად ვექცევით. მოსკოვის არ აღელვებს, ხვალ ბევრი ადამიანი მოკვდება თუ არა, ხოლო ჩვენთვის სწორედ ესაა მთავარი.
ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია, ვერ ვეტყვით უკრაინელ მებრძოლებს - "გამოდით და დაიხოცეთ". სწორედ ამიტომ ვეძებთ გზებს, ვითხოვთ დახმარებას, ჯავშანტექნიკას პარტნიორებისგან, რათა მეტი ადამიანის გადარჩენა შევძლოთ". - თქვა ზელენსკიმ
ზელენსკიმ აღნიშნა ისიც, რომ უკრაინის მთლიანი ტერიტორიის ოკუპაცია რუსეთის ჯარების მთავარ მისიად და გეგმად რჩება.
"მათ გაჩერება არ სურთ, ეს თავიდანვე არ სურდათ. რუსულ ჯარებს მხოლოდ ერთი მისია აქვთ - არ არსებობს არანაირი გეგმა B. მხოლოდ ერთი - უკრაინის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია". - დასძინა მან.
აქამდე, 18 ოქტომბერს უკრაინაში რუსული ძალების სამხედრო ოპერაციების ახალმა ხელმძღვანელმა, სერგეი სუროვინიკმა თქვა, რომ უკრაინის წინსვლის პარალელურად, მას შეიძლება "რთული გადაწყვეტილებების" მიღება მოუწიოს.





