კრიმინალი

10 წლის ბავშვს დაუკაკუნა, ემუქრებოდა, კარის გაღებას სთხოვდა – შსს-მ კაცი დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში არასრულწლოვნის მიმართ მუქარის ბრალდებით 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კაცი დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 25 ოქტომბერს 10 წლის მოზარდს სახლის კარზე დაუკაკუნა და უთხრა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო. 

"მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა ვ. დ.-ს უთხრა, რომ ის პოლიციაში დარეკავდა, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს". - წერია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 

არასწულწლოვნის მიმართ მუქარაზე ინფორმაცია თავდაპირველად მისმა დამ, ქრისტი ქორიძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, კაცი ბავშვს გარეთ გასვლას სთხოვდა, ემუქრებოდა, ეუბნებოდა, რომ თუ წყალს არ მიაწვდიდა, კარს შეანგრევდა. 

"ჩემი 10 წლის ძმა მირეკავს შეშინებული, ვიღაც უცხო კაცი მიბრახუნებს კარებზე შემოსვლა უნდაო დანა მიჭირავს ხელში და კარებთან ვდგავარო, ყველანაირი ხერხით ცდილობდა შემოსვლას ჯერ მანიპულაციას ახდენდა რომ ბავშვი გასულიყო

ატყუებდა იმით რომ ხელში ბავშვის სასაცილო სურათი ეჭირა, რომ მისი ინტერესი გამოეწვია ან სიბრაზე და გასულიყო (ბევრი მსგავსი ქვეტექსტები)… როგორც ჩანს წინადადებებს ლოგიკურად ალაგებდა მისდა სასარგებლოდ. როცა მისმა მშვიდმა მანიპულაციამ არ გაჭრა მუქარა დაიწყო გადავიდა კარის ბრახუნზე, ყვირილზე რო ბავშვი დამფრთხალიყო, დაემუქრა თუ წყალს არ მიაწოდებდა კარებს შემოანგრევდა, ბავშვიც შეშინდა და უთხრა რომ თუ შორს გავიდოდა წყალს გადაუგდებდა, აი მანდ გადავრჩით როცა გადაუგდო წყლის ბოთლი კარის დახურვა მოასწრო..." - დაწერა მან 25 ოქტომბერს. 

კომენტარები