რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთის სენატმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა

პოლონეთის დროშა
World Atlas

პოლონეთის სენატმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. შესაბამის რეზოლუციას სენატორებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომი დაიწყეს, რომლის მიზანიც "სუვერენული ქვეყნის რუკიდან წაშლა და უკრანელი ერის განადგურებაა".

ამასთან, პოლონეთის სენატი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკრაინაში მომხდარ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენაში.

დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზე, რომ "სახელმწიფო ტერორიზმის ყველა ეს ნაბიჯი პოლონეთმა კარგად იცის ისტორიის ფურცლებიდან". როგორც რეზოლუციაშია ხაზგასმული, "ევროპელებს სჯეროდათ, რომ მათ არასდროს დაემუქრებოდათ გენოციდი და ომის დანაშაულები, თუმცა, ამავდროულად, ვლადიმირ პუტინმა და მისმა ძალადობრივმა ხელისუფლებამ სტალინისტური და ნაცისტური რეჟიმების სასტიკი პრაქტიკა დააბრუნა".

გასულ კვირაში რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ესტონეთის პარლამენტმაც აღიარა. აგვისტოში კი მსგავსი რეზოლუცია მიიღეს ლატვიის და ლიტვის პარლამენტებმა.

კომენტარები