მეტრო გოცირიძე

კალაძე: მეტრო გოცირიძის რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

Facebook: Kakha Kaladze

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, "მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება". მისი ინფორმაციით, მგზავრები მეტროსადგურით სარგებლობას "ძალიან მალე" შეძლებენ.

"ძალიან მალე გაკეთებული იქნება შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზა, რომელიც უნდა წარმოადგინოს კონტრაქტორმა კომპანიამ და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება მეტროს გახსნა“, – ამბობს კალაძე.

მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა და 2020 წელს შპს კაიზერთან 3.15-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა. სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დაიწყო და თბილისის მერი, კახა კალაძე პირობას იძლეოდა, რომ რეაბილიტაცია სამ თვეში დასრულდებოდა. 

მეტროსადგურის დაკეტვიდან ცხრა თვეში სამხარაულის ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ბაქნის რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ის კრიტიკულადაა დაზიანებული და მთლიანად თავიდანაა ასაშენებელი.

ამის შემდეგ, 2021 წლის დეკემბერში, კახა კალაძემ ახალი პირობა დადო. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდ თვეში დასრულდებოდა ანუ 2022 წლის ივლისში. 

სატენდერო პირობების თანახმად, 3 მილიონის სანაცვლოდ შპს კაიზერს სარემონტო სამუშაოები 210 დღეში უნდა დაესრულებინა, თუმცა დოკუმენტით განსაზღვრული ვადები არაერთხელ დაარღვია, რის გამოც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ახალი კონტრაქტი შპს მამისონთან გააფორმა, რომელმაც განსაზღვრული სამუშაოები, დაახლოებით, 4.7 მილიონი ლარის სანაცვლოდ უნდა შეასრულოს.

მეტროსადგურის რეაბილიტაცია უკვე წელიწადი და ცხრა თვეა, რაც მიმდინარეობს. მის გახსნამდე დიდუბიდან გოცირიძემდე დედაქალაქის მერიამ ავტობუსი N169 დანიშნა.  

კომენტარები